დიდი 10 | არესი 31:21 იუნკერები

კიკეთის ‘იუნკერებმა’ ქუთაისში, ადგილობრივ ‘არესთან’ პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, 21:31 დამარცხდა და დიდ 10-ში ადგილის შენარჩუნების საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

სტუმრები „აია არენაზე“ მე-6 წუთზე დაწინაურდნენ. დერეფნის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა, დავით იმნაძემ, ბექა სამსიანმა და მირიან მარგალიტაძემ ხელდახელ კარგი კომბინაცია გაითამაშეს და ამ უკანასკნელმა ლელო გაიტანა, იმნაძემ კი გარდასახა. ‘არესმა’ მე-19 წუთზე ასევე დერეფნიდან, ფორვარდთა ორი მიძალებით უპასუხა, რის შემდეგაც შეტევაში მოკლე ფრთიდან ბადრი დანგაძე ჩაერთო და ლელო გაქვითა, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო.

‘იუნკერები’ ხელდახელ კარგად უტევდა და ამან შედეგი 25-ე წუთზე გამოიღო. იმნაძემ მეტოქეს საკუთარ ნახევარზე აართვა ბურთი, თავად შეუტია, დაახლოებით 60 მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა და თავადვე გარდასახა. მალევე ლელოს გატანის შანსი სამსიანმა მიიღო, მაგრამ დიტო კიკნაძის პასი ვერ შეიმაგრა, შემდეგ ეპიზოდში კი ბურთი შეტევაში, მეტოქის 22-ში დაიკარგა და სწრაფი სამსვლიანი კონტრშეტევა ამირან შვანგირაძის ლელოთი დასრულდა. დავით კვირიკაშვილმა გარდასახვით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა – 12:14.

მეორე ტაიმის დასაწყისში ქუთაისელები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩნენ, ყვითელი ბარათი თეიმურაზ თუთბერიძემ მიიღო, თუმცა კიკეთელებმა ამით ვერ ისარგებლეს. მოხდა პირიქით, ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ, 50-ე და 52-ე წუთებზე სინბინით უკვე კიკეთელები – როლანდ კვაჭაძე და გიორგი შუკაკიძე დაისაჯნენ და თანაც, მეორე ეპიზოდში ‘არესმა’ საჯარიმო ლელო გაიტანა.

‘არესი’ ძალისმიერ თამაშში უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ დაეუფლა ინიციატივას. ტაიმის შუაში სწრაფი შეტევის შემდეგ იაგო ხაბულიანმა სტუმართა დაცვაში სივრცე შენიშნა, ხაზი გაჭრა და ქუთაისელთა უპირატესობა გაზარდა, 68-ე წუთზე კი მანვე თავისი ნახევრიდან კონტრშეტევა წამოიწყო და 60-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა. ორიდან ერთი გარდასახვა ზუსტი იყო და მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყდა.

ბონდო ლომიძემ მატჩის მიწურულს შეძლო ლელოს გატანა და იმნაძემ გარდასახვით ჩამორჩენა 10 ქულამდე დაიყვანა. ‘იუნკერებს’ ნუგეშის ქულის მოსაპოვებლად 3 წუთი რჩებოდათ, მაგრამ შედეგიანი შეტევის განხორციელება ვეღარ შეძლეს და ‘არესმა’ 31:21 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘არესელთა’ 8 ნომერი ბადრი დანგაძე გახდა.

‘არესს’ ამ მოგებით 30 ქულა დაუგროვდა და მე-7 ადგილზეა, ‘იუნკერები’ კი 10 ქულით მე-10 პოზიციაზეა და 6-ით ჩამორჩება ‘ყაზბეგს’, რისი აღმოფხვრაც დარჩენილ ორ თამაშში ძალიან გაუჭირდება.

 

ფოტო: ალექს კეზევაძე