დიდი 10 | არესი 31:20 ყაზბეგი

ქუთაისის ‘არესმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 31:20 სძლია და საფლეიოფო ექვსეულში პოზიციები გაიმყარა.

„აია არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და 3 უპასუხო ლელო გაიტანეს, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში მეოთხე შემატეს (28:3). მაგრამ ‘ყაზბეგმა’ ტრადიციულად ბოლომდე იბრძოლა და მეორე ტაიმში უკვე თავად შეძლო სამი ლელოს გატანა, რითაც ‘არესს’ ბონუსის აღება არ დაანება, თუმცა თავად მაინც უქულოდ დარჩა.

სტეფანწმინდელებმა მეტოქის საწყისი მიძალება მოიგერიეს, ქუთაისელთა  ნახევარზე გადასულებმა კი ჯარიმა გამოიმუშავეს და ოთარ ტალახაძემ 40 მეტრიდან ანგარიში გახსნა. ‘არესმა’ მალევე უპასუხა. 22-ის ხაზთან ფეხით გადაკიდებული ოვალი მცველმა ვერ აიღო, ბექა ვადანიძემ ხაზი გაჭრა და ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა შემდეგ ფაზაში მიზანს ანდრო ახვლედიანმა უწია და გიორგი თევდორაძემ გარდასახა. ამ ეპიზოდს სინბინით რევაზ ბროძელი შეეწირა, მაგრამ მალევე ყვითელი ბარათი ანდრო ახვლედიანმა (არესი) მიიღო და მოედანზე მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა.

25-ე წუთზე ‘არესმა’ კარგი კომბინაცია გაითამაშა, გიორგი თედორაძემ ბურთი ფეხით გადაკიდა და ნიკა ძნელაძემ მეორე ლელო გაიტანა. მალე სტუმრები კვლავ კაცნაკლული დარჩნენ. საბა ნიკოლაშვილის სინბინიდან 6 წუთში, ყვითელი ნიკა გიგაურმაც მიიღო და ‘ყაზბეგმა’ ორივე ფრთა დაკარგა. ასეთ სიტუაციაში სტუმრებს 3 ქულის აღების შანსი გაუჩნდათ, თუმცა ჯარიმა არაზუსტი იყო. ტაიმის მიწურულს ‘არესმა’ მოლი დააყენა, რომელსაც იაგო ხილაძე მოწყდა და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. თევდორაძემ ეს ორი გარდასახვაც გამოიყენა – 21:3.

შეხვედრა რომ განახლდა ‘არესმა’ ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა ერთხელაც გამოიყენა და ირაკლი ცხადაძის ლელო თევდორაძემ კვლავ გარდასახა. ‘ყაზბეგმა’ მალევე მოლით და დავით აბდუშელიშვილის ლელოთი უპასუხა, რის შემდეგაც უპირატესობას უკვე სტუმრები დაეუფლნენ. იაგო ხილაძის სინბინის შემდეგ, კაცნაკლული უკვე მასპინძლები დარჩნენ, ‘ყაზბეგი’ აბურთავდა, მარცხენა ფრთაზე უპირატესობა შექმნა და იაგო გელაძემ ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არც ამჯერად იყო ზუსტი.

79-ე წუთზე სტეფანწმინდელთა მოლი ნიკა ცოფურაშვილის ლელოთი დასრულდა და ამჯერად ტალახაძეც ზუსტი იყო, რითაც ჩამორჩენა 8 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ‘არესმა’ აღარ გარისკა, თევდორაძემ ბოლო წუთზე ჯარიმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 31:20.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘არესის’ მგეზავი გიორგი თევდორაძე გახდა. მისი გუნდი 36 ქულით მესამე ადგილზე აღზევდა, ‘ყაზბეგი’ კი მას 3 ქულით ჩამორჩება და ჯერჯერობით მე-5 პოზიციაზეა.