დიდი 10 | არესი 28:38 აია

ქუთაისურ დერბიში ‘აიამ’ უშუალო კონკურენტი ‘არესი’ 38:28 დაამარცხა და საფლეიოფო ექვსეულში შევიდა.

ქვეყნის ჩემპიონი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და ‘არესის’ თავდაუზოგავი მცდელობების მიუხედავად, უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. თამაში სანახაობრივი გამოდგა და მაყურებელმა 9 ლელო იხილა. ჩემპიონის რგებში დებიუტი ჰქონდათ ფიჯელ ლეგიონერებს – ლისალა ნასეგე ძირითადში იყო, ხოლო მელი ნაჰოლო მარქაფაში.

თამაში ‘აიას’ შეტევებით დაიწყო და ლაშა ლომიძემ ჯარიმით ანგარიში გახსნა, მე-11 წუთზე კი მათი ლამაზი, ხელდახელ შეტევა გიგა ჯულუხაძის ლელოთი დასრულდა. ლომიძემ გარდასახა. ‘არესი’ სწრაფად დაბრუნდა. შეხვედრა 2 წუთის განახლებული იყო, როდესაც მათ მოლის შემდეგ ხაზზე გაიტანეს ბურთი და ამირან შვანგირაძემ ლელო ალამთან გაიტანა, გიორგი თევდორაძემ კი გარდასახა.

მე-18 წუთზე ბადრი დანგაძემ სწრაფად გაითამაშა ჯარიმა, მისგან ბურთი ნოდარ სამხარაძემ გადაიბარა და ლელო თევდორაძემ გარდასახა. ‘აიამ’ ინიციატივა 3 წუთში დაიბრუნა და ოფლოუდების შემდეგ ლელო ელგუჯა მარგველაშვილმა მიითვალა, რითაც ჩემპიონი დააწინაურა. ზურა ერისთავმა გვიანი ბოჭვისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, ლომიძემ კი გარდასახა – 17:14.

‘აიამ’ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა – მირიან მოდებაძემ მეტოქის დაცვის ხაზში დერეფანი შენიშნა, ხაზი გაჭრა და მისი ლელო ლომიძემ გარდასახა. ‘არესმა’ ტაიმის ბოლოს უპასუხა. მანამდე ‘აიამ’ სინბინით შოთა არეშიძე დაკარგა, მერე მეტოქემ წნეხი გააძლიერა და ჯაბა ჩეჩელაშვილმა მოლი ლელოთი დაასრულა, თევდორაძემ კი ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა – 21:24.

მეორე ტაიმი ასეთივე შედეგიანი ვერ გამოდგა, თუმცა მაყურებელმა საინტერესო ბრძოლა ბოლომდე იხილა. 54-ე წუთზე ‘აიას’ მოლს ‘არესი’ ჯარიმის ხარჯზე გაუმკლავდა და გუნდი საჯარიმო ლელოთი, ბადრი დანგაძე კი ყვითელი ბარათით დაისაჯა. კაცნაკლული ‘არესი’ არ გატყდა და 76-ე წუთზე ჩამორჩენა კიდევ ერთხელ შეამცირა, როდესაც ძალისმიერი შეტევების სერია გოგა კობახიძის ლელოთი დასრულდა და დავით კვირიკაშვილმა გარდასახა.

ამან დასკვნით წუთებს დაძაბულობა შემატა, ბოლოს ‘აიამ’ იფეთქა, ნასეგეს მიერ წამოწყებული იერიში მაღალ ტემპში გაგრძელდა და რაქიდან ლელო ძელებსშუა საბა ხონელიძემ გაიტანა, მირიან მოდებაძემ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 38:28.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ‘აიას’ მეორეხაზელი გიგა ჯულუხაძე დასახელდა. მის გუნდს 24 ქულა გაუხდა, ‘არესს’ 4-ით გადაასწრო და მე-6 პოზიციაზე აღზევდა.

 

ფოტო: გიორგი კილაძე