დიდი 10 | არესი 25:30 არმაზი

მარნეულის ‘არმაზმა’ ქუთაისში ‘არესს’ ბოლო წუთზე ორი ლელო გაუტანა და მოწინავე სამეულს დააშორა.

სიტუაციიდან გამომდინარე, ამ თამაშის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და ბრძოლაც შესაბამისი შედგა. დრამატულ შეხვედრაში ლიდერი 6-ჯერ შეიცვალა, საბოლოოდ კი, ‘არმაზმა’ სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა და ორივე ‘არესთან’.

მეორე ეტაპზე ეს შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. შეგახსენებთ, ქვედა სამეულის გუნდებს მეორე ეტაპზე ის შედეგები გადაყვებათ, რომლებიც მეოთხე-მეექვსე ადგილოსან გუნდებთან აქვთ დაფიქსირებული.

ანგარიში მასპინძლებმა ბებუნი კუხიანიძის ლელოთი მე-14 წუთზე გახსნა. ‘არმაზს’ წონასწორობის აღსადგენად სულ 5 წუთი დაჭირდა. სანდრო სვანიძემ ლელო გაიტანა, რეზი ჯინჭველაშვილმა კი გარდასახვით მარნეულელები დააწინაურა. 23-ე წუთზე ‘არესს’ კუხიანიძე წითელი ბარათით გაუძევეს და მოედანზე დარჩენილი დროით კაცნაკლული დარჩა.

მომდევნო 5 წუთში ჯინჭველაშვილის ორ ჯარიმას დავით გობეჯიშვილმა ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა. მერე სტუმრებს საბა კურატიშვილი გაუსინბინეს, ‘არესმა’ წნეხი გააძლიერა და რეზი არჩვაძემ ლელოთი წონასწორობა აღადგინა, გობეჯიშვილმა კი გარდასახვით ტაიმი მასპინძლებს მოაგებინა – 15:13.

მეორე ტაიმი სანდრო სვანიძის მეორე ლელოთი დაიწყო, რაზეც 50-ე წუთზე გობეჯიშვილმა ლელოთივე უპასუხა და გარდასახვაც გაიტანა. 75-ე წუთზე მანვე ჯარიმით ანგარიში 25:18 გახადა და თითქოს საბოლოო შედეგიც მასპინძლების სასარგებლო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

ბოლოსწინა წუთზე ქუთაისელები საკუთარი 22-იდან გამოსვლისას შეცდნენ, ლუკა კოხიამ ბურთზე დააფარა და ლელოც ისეთ ადგილას გაიტანა, ჯინჭველაშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. ‘არესმა’ გამარჯვების ჯარიმის გამოსამუშავებლად გაიბრძოლა, მაგრამ კონტრშეტევაზე ლევან ბრაგვაძე ფრთაზე ორ მცველს ხელის კვრით გაექცა და ‘არმაზისთვის’ უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა – 30:25.

შეხვედრის საუკეთსო მოთამაშე დუბლის ავტორი სანდრო სვანიძე გახდა.

‘არესმა’ ბონუსი აიღო და 17 ქულით მეოთხე ადგილზეა. ის სამეულს უკვე 5 ქულით ჩამორჩება და წინ ორი მატჩია, მათ შორის ერთი უშუალო კონკურენტ ‘ყოჩებთან’.

 

ფოტო: გიორგი კილაძე