დიდი 10 | არესი 23:15 ყოჩები

ქუთაისის ‘არესმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ 23:15 სძლია და წელი გამარჯვებით დაასრულა.

XI ტურის მეორე შეხვედრას „აია არენას“ ხელოვნურსაფარიანმა მოედანმა უმასპინძლა. მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, რაზეც დასკვნით 15 წუთში სტუმრებმა სამი ლელოთი უპასუხეს, მაგრამ გარდასახვები არაზუსტი იყო და ‘ყოჩები’ ნუგეშის გარეშე დარჩა.

‘არესს’ 11 თამაშიდან 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა. ‘ყოჩებმა’ ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმო, 26 ქულა დარჩა და მე-6 პოზიციაზეა.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, თუმცა პირველ ნახევარში ქულები მხოლოდ მასპინძლებმა მოიხვეჭეს. მე-15 წუთზე ნიკა ბიწაძე ყვითელი ბარათით დაისაჯა და მასპინძლები გიორგი თევდორაძის ჯარიმით დაწინაურდა. 26-ე წუთზე ‘არესმა’ მეტობა გამოიყენა, ხანგრძლივი იერიშების შემდეგ დავით გასვიანმა მცველებს შემოურბინა და ლელო გაიტანა. თევდორაძეს გარდასახვის გარდა ორი ჯარიმაც გაუფუჭდა და ტაიმი 8:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ყოჩები’ ერთხელაც დარჩა კაცნაკლული. ამჯერად ყვითელი ბარათი ბაჩუკი ჭუმბაძემ მიიღო და ‘არესმა’ მეტობაში კვლავ 8 უპასუხო ქულა მოიპოვა. პირველი ტაიმის მსგავსად, თევდორაძემ ჯერ ჯარიმა გაიტანა, 53-ე წუთზე კი მოლს იაგო ხილაძის ლელო მოყვა.

‘ყოჩები’ მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა, რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელა და 66-ე წუთზე ნიკოლოზ რეხვიაშვილმა პირველი საპასუო ლელო გაიტანა. მან მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ შეიწია და ბოჭვის მიუხედავად 7-8 მეტრი დაფარა. მაგრამ თამაშის განახლებისთანავე სტუმრები შეცდნენ და ბაქარ ბურჯალიანმა ორიოდე წუთში შეძლო ლელოს გატანა, რასაც თევდორაძის ზუსტი გარდასახვა მოყვა.

ბოლნისელებმა დასკვნითი წუთები შეტევებში გაატარეს და კიდევ ორი ლელო გაიტანეს. ირაკლი გეგენავას კარგი შეტევის შემდეგ, ვაჟა მაისურაძემ ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და თანაგუნდელის დახმარებით ძალისმიერი ლელო გაიტანა, მერე კი ლაშა მალაღურაძის ფეხით გადაკიდებული ბურთი ალამთან იოსებ გუშარაშვილმა დაამიწა, მაგრამ გარდასახვები არაზუსტი იყო და ‘ყოჩები’ ნუგეშის გარეშე დარჩა – 23:15. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ზურა ოდიკაძე გახდა.