დიდი 10 | არესი 22:37 ლელო

თბილისის ‘ლელომ’ ქუთაისურ გუნდთან ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ‘აიას’ შემდეგ, ის „აია არენაზე“ ‘არესს’ ეწვია და 37:22 დაამარცხა.

‘ლელომ’ ოთხიდან სამი თამაში მოიგო და 12 ქულით მესამე ადგილზეა, ‘არესი’ კი მიჯრით ორი მოგების შემდეგ, მეორედ დამარცხდა და 9 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

ანგარიშში სტუმრები გიორგი ასათიანის ჯარიმით მე-6 წუთზე დაწინაურდნენ, სამ წუთში კი მოლი ლელოთი ლევან პაპიძემ დაასრულა და ასათიანმა გარდასახა. ‘არესმა’ საპასუხოდ მე-16 წუთზე მოლი დააყენა და ნოდარ სამხარაძის ლელო გიორგი თევდორაძემ გარდასახა. ‘ლელოს’ შეტევები უკეთ გამოსდიოდა და მატჩის მიწურულს ასათიანმა ჯარიმით, ხოლო არჩილ აბესაძემ ლელოთი, სტუმართა უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდეს – 18:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘არესმა’ სწრაფად გაათამაშა ბურთი და ფორვარდებით შეუტია, რასაც სამხარაძის მეორე ლელო მოყვა. ‘ლელომ’ მალევე საჯარიმო ლელოთი უპასუხა და ‘არესმა’ თორნიკე შუბითიძის შემდეგ, სინბინით ჯაბა ჩეჩელაშვილიც დაკარგა. კაცნაკლულმა ‘არესმა’ კიდევ ერთხელ შეძლო შედეგიანი შეტევის განხორციელება და თევდორაძემ ჯარიმით ჩამორჩენა 10 ქულამდე დაიყვანა.

62-ე წუთზე ლევან პაპიძემ სტუმართა მოლი მორიგი ლელოთი დაასრულა და ასათიანმაც გარდასახა, მაგრამ ‘არესი’ არ დანებდა და 3 წუთში საჯარიმო ლელოთი უპასუხა. ამ ეპიზოდში მოლის განზრახ ჩაქცევისთვის სინბინით პაპიძე დაისაჯა, მაგრამ კაცნაკლულმა ‘ლელომ’ ლელო იქით გაიტანა. კონტრშეტევის შემდეგ, გიორგი მარგალიტაძემ მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 37:22.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სწორედ მარგალიტაძე გახდა.

 

ფოტო: გიორგი კილაძე