დიდი 10 | არესი 22:20 ლელო-სარასენსი

დიდი 10-ის ქვედა ექვსეულის მეორე ტურის მატჩში, ქუთაისში ‘არესმა’ უშუალო კონკურენტ თბილისის ‘ლელო-სარასენსს’ დაძაბულ ბრძოლაში 22:20 სძლია და სატურნირო ცხრილში უკან მოიტოვა.

ქუთაისელები 15 ქულით მეორე ადგილზე აღზევდნენ, თბილისელები კი 11 ქულით მეოთხე პოზიციაზე არიან.

გუნდებმა თამაში მაღალ ტემპში დაიწყეს. მე-13 წუთზე ‘არესმა’ დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაითამაშა და თეიმურაზ თუთბერიძის ლელი ბონდო აბაშიძემ გარდასახა. განახლდა თუ არა თამაში, ‘ლელომ’ მოლი ააგორა, რომელმაც ღერძი იცვალა და თენგიზ ზამთარაძემ ლელო, ხოლო ბექა მამუკაშვილმა გარდასახვა გაქვითა.

შესვენებამდე მამუკაშვილმა ორი, ხოლო აბაშიძემ ერთი ჯარიმა გაიტანა. მერე ‘არესმა’ მეტოქის მძლავრი შეტევა მოიგერია, ბოლოს თავად გადავიდა შეტევაზე, ამირან შვანგირაძემ ხაზი სუფთად გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. აბაშიძემ ტაიმის ანგარიში დააფიქსირა – 17:13.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ლელომ’ კიდევ ერთი მოლი დააყენა, ის ზამთარაძის დუბლით დასრულდა, მამრიკიშვილმა კი გარდასახა. სტუმრებს ლელოს გატანის რამდენიმე კარგი შანსი ამის შემდეგაც ჰქონდათ, მაგრამ ‘არესი’ მაგრად დადგა, მერე თავად შეუტია, მოლი ააგორა და გამარჯვების ლელო ნოდარ სამხარაძემ გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ქუთაისელებმა მეტოქეს ქულა აღარ ააღებინეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – 22:20.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე დავით კვირიკაშვილი გახდა.

 

ფოტო: გიორგი კილაძე