დიდი 10 | არესი 20:19 აია

დიდი 10-ის მე-4 ტურის გადადებულ მატჩში, დებიუტანტმა ‘არესმა’ ქუთაისურ დერბიში ‘აიას’ 20:19 სძლია და „ბ“ ჯგუფის სატურნირო ცხრილში მის კვალდაკვალ, მეორე ადგილზე აღზევდა.

‘აიას’ სამი სადებიუტო თამაში მოგებული ჰქონდა, თუმცა მერე ზედიზედ ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწია და ჩემპიონატს სამი კვირის შემდეგ დაუბრუნდა.

ქუთაისური დერბი ქარსა და უამინდობაში წარიმართა, რის გამოც ორივე გუნდს ტექნიკური წუნი მრავლად ჰქონდა. ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა, ბადრი დანგაძემ გადაცემა ჩაჭრა და ‘აიას’ ლელომდე დაახლოებით 25 მეტრი ირბინა. ბონდო აბაშიძემ ზუსტი გარდასახვის შემდეგ 35-ე წუთზე ჯარიმაც გაიტანა და ტაიმი 10:0 დასრულდა.

 

 

შესვენებამდე ‘არესმა’ სინბინით ლაშა ძნელაძე დაკარგა და ‘აიამ’ რიცხობრივი უპირატესობა მეორე ნახევრის დასაწყისში 12 ქულად აქცია. ნომინალური მასპინძლები ჯერ მოლის ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, მერე ისინი მოლში აღარ დაჯარიმდნენ, მაგრამ ლელო ლაშა შალიკაშვილისგან მიიღეს. 57-ე წუთზე გიორგი აბრამიძემ კონტრშეტევისას ხაზი გაჭრა და ფეხით ითამაშა, ‘არესმა’ ფეხით სცადა საფრთხის განმუხტვა, მაგრამ ბურთი ოთარ ძაგნიძეს ჩაუვარდა ხელში და მისი ლელო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა – 10:19.

‘არესმა’ ბონდო აბაშიძის ჯარიმით მალევე შეამცირა ჩამორჩენა და მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, 72-ეზე ლელოც გაიტანა. ზვიად ორმოცაძეს ფეხით თამაშისას თორნიკე შუბითიძემ დაუფარა, ბურთი აიტაცა და 22-ში შესულმა ის ლელოში მიხეილ მასხარაშვილს შეაყოლა, აბაშიძემ კი გარდასახვით ნომინალური მასპინძლები დააწინაურა.

‘აიას’ დასკვნით წუთებში ორჯერ შეეძლო გამარჯვების ჯარიმის კარში დარტყმა, მაგრამ მოლის იმედად ორივეჯერ აუტში გადაიტანა ბურთი და ამ სეზონში პირველად, 19:20 დამარცხდა, ‘არესმა’ კი სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბექა ვარდანიძე (არესი) გახდა.

 

ფოტო: მინდია ჩარქსელიანი