დიდი 10 | არესი 17:15 ბათუმი

ქუთაისის ‘არესმა’ დიდ 10-ში ჩატარებული სადებიუტო შეხვედრა მოქმედი ჩემპიონის, ‘ბათუმის’ 17:15 ძლევით აღნიშნა.

2020/2021 წლების სეზონის გარდამავალ ჩემპიონატში, ‘არესი’ და ‘ბათუმი’ „ბ“ ჯგუფში, ქუთაისის ‘აიასთან’, მარნეულის ‘არმაზთან’, გორის ‘ჯიქთან’ და ბოლნისის ‘ყოჩებთან’ მოხვდნენ. ‘ბათუმი’ 2019 წლის ჩემპიონია და რადგან გასული სეზონი ვერ დასრულდა, ტიტულის მოქმედი მფლობელია. აღსანიშნავია, რომ ზღვისპირელები გაუქმებულ სეზონშიც ლიდერები (‘ლელოსთან’ ერთად) იყვნენ.

‘არესი’ შეწყვეტილ სეზონში პირველ ლიგას ლიდერობდა და აღზევების რეალური კანდიდატი იყო. როგორც ჩანს, ქუთაისელებს კიდევ უფრო დიდი მიზნები აქვთ და პირველსავე ტურში სენსაცია გამოაცხეს.

ანგარიში მასპინძლებმა მე-12 წუთზე გახსნეს. დიდ 10-ში ‘არესის’ პირველი ლელო ფულბეკის, ნიკა ძნელაძის ანგარიშზეა. ‘ბათუმმა’ სანდრო ქოიავას ლელოთი 5 წუთში უპასუხა, მამუკა ნინიძე გარდასახვიდანაც ზუსტი იყო და ტაიმი 7:5 მოიგო.

 

 

რადგან დებიუტანტი არ გატყდა, ნინიძემ 63-ე წუთზე ჯარიმით სტუმართა უპირატესობა გაზარდა, 72-ე წუთზე კი, ბაჩი გრიგოლიამ ლელო მიითვალა და ‘ბათუმი’ 15:5 დაწინაურდა. ‘არესი’ არ დანებდა და 77-ე წუთზე ნიკა სირაძის ლელოთი ბრძოლაში დაბრუნდა, გაწითლებულ დროზე კი, ლაშა ძნელაძემ ლელოთი წონასწორობა აღადგინა.

დრამატულ მატჩს წერტილი ‘არესის’ მგეზავმა ბონდო აბაშიძემ დაუსვა, რომელმაც გამარჯვების გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 17:15, თავად კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

 

ფოტო: მინდია ჩარქსელიანი