დიდი 10 | არესი 11:26 ხარები

რუსთავის ‘ხარებმა’ ‘არესს’ ქუთაისში 26:11 სძლია და მოწინავეთა შორის პოზიციები გაიმყარა, მეტოქე კი საფლეიოფო ზონას კიდევ უფრო დააშორა.

სტუმრებმა ბონუსიც აიღეს და 38 ქულით მესამე ადგილზე არიან. იმის გათვალისწინებით, რომ რუსთაველებს ქუთაისის ‘აიასთან’ აქვთ გამოტოვებული მატჩი და მე-3 ადგილზე მყოფ ‘აკადემიას’ 3 ქულით ჩამორჩებიან, მათ რეგულარული გათამაშების მაღალ საფეხურზე დასრულების და ფლეი ოფის მატჩის საკუთარ მოედანზე გამართვის კარგი შანსი აქვთ.

‘არესი’ 22 ქულით მე-8 ადგილზე დარჩა, საფლეიოფო ზონას 10 ქულა აშორებს და ექვსეულში შესვლის შანსი მნიშვნელოვნად შეუმცირდა.

„აია არენაზე“ ქუთაისელებს კარში დარტყმები არ წაუვიდათ და ჯამში 17 ქულა გაანიავეს. ‘ხარები’ უპირატესობას ფლობდა მოლში, ამ ხერხით სამი ლელო გაიტანა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. პირველ ტაიმში ლელოები გიორგი გოგუაძემ და ჟორა მღებრიშვილმა გაიტანეს, საიდანაც ერთი გიორგი პეტრიაშვილმა გარდასახა. აღსანიშნავია, რომ მეორე ლელოს გაშვებისას ‘არესი’ მოედანზე 13 კაცის ამარა იყო დარჩენილი (ერთი წუთის ინტერვალით ყვითელი ბარათები ნიკა სირაძემ და თორნიკე შუბითიძემ მიიღეს). ამავე პერიოდში ერთი ჯარიმა გიორგი თევდორაძემ გაიტანა, ტაიმის მიწურულს კი 3 ქულა დავით კვირიკაშვილმა მიითვალა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებს დაწინაურების შანსი ქონდათ, მაგრამ ჯერ ჯარიმა, მერე გარდასახვა ვერ გაიტანეს. ლელო 55-ე წუთზე გავიდა, როდესაც ფეხით გადაკიდებული ბურთი პეტრიაშვილმა ვერ აიღო და სწრაფი კონტრშეტევა ირაკლი ცხადაძის ლელოთი დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა 1 ქულა იყო, ‘ხარებმა’ კარის წინ 20 მეტრიდან ჯარიმა კარში არ დაარტყა, ნაცადი ხერხით, მოლით შეუტია და ჟორა მღებრიშვილის ლელო პეტრიაშვილმა გარდასახა.

71-ე წუთზე რუსთაველებმა უკვე შერკინებიდან შეუტიეს, პეტრიაშვილმა ბურთი ფეხით შეაცურა, მას გიორგი კოშაძე მიყვა და ბონუსის მომტანი ლელო გაიტანა, შეტევის დამწყებმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 26:11. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჟორა მღებრიშვილი გახდა.

 

ფოტო: არჩილ გეგენავა