დიდი 10 | ‘არესის’ სერიოზული განაცხადი

დიდი 10-ის მომავალი სეზონის ბოლო ბინადარს, ‘არმია’-‘არესის’ 2-რაუნდიანი დაპირისპირება არკვევს. ორი მატჩის ჯამური შედეგის მიხედვით წარმატებული გუნდი მომავალ სეზონში ქართული საკლუბო რაგბის ელიტაში იასპარეზებს. გადამწყვეტ შეხვედრებს მეტოქენი განსხვავებული განწყობით შეხვდნენ.

‘არესს’, დიდ 10-ში დებიუტანტის კვალობაზე თამაშის ხარისხიც და შედეგიც პოზიტიური ქონდა. „ომის მრისხანე ღმერთს“ მოწინავე ექვსეულში მოსახვედრად მცირედი დააკლდა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული თამაშის მიუხედავად, სერგო ფრუიძის ბიჭებმა მხსნელი, მერვე ადგილის დასაკავებლად ჭიდილში ქვეყნის 6-გზის ჩემპიონ ‘ლელოსთან’ ვერაფერი გააწყეს და საბოლოოდ მეცხრე ადგილს დასჯერდნენ, რითაც პლეი-აუტში თამაშის უფლება მოიპოვეს.

ქვეყნის ექს-ჩემპიონმა ‘არმიამ’ კი პირველ ლიგაში შემადგენლობისა და თამაშის დალაგება უპირატესად მეორე წრეში მოახერხა, თუმცა ელიტას საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ ‘ყაზბეგთან’ ბოლო ტურში განცდილმა მარცხმა ლაშა აზალაძის შეგირდები ლიგაში მეორე პოზიციაზე დატოვა. „არმიელები“ ბოლოს რიონისპირელებს პირველ ლიგაში წელიწადნახევრის წინ ქუთაისში დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 5:15 დამარცხდნენ.

‘არმიამ’ დებულების თანახმად, როგორც ქვედალიგელმა, ზედა ეშელონის ბინადარ მეტოქეს პირველ შეხვედრაში საკუთარ სტადიონზე, „ავჭალა არენაზე“ უმასპინძლა.

‘არმია’ მატჩის საწყისი 30 წუთი უპირატესობას ფლობდა. ზურგქარში მოთამაშე „არმიელებს“ რიონისპირელთა რამდენიმე მარტივი თერნოვერიც წაეხმარათ და ბახვა კობახიძის გატანილი წყვილი ჯარიმით მასპინძლები ტაიმის მიწურულამდე ანგარიშში 6-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ. ‘არესმა’ შეხვედრის შემოტრიალება პირველივე ტაიმში მოახერხა. დერეფანიდან გრძელ ფრთაზე შებრუნებული პასით ‘არესის’ სწრაფი შეტევა ფრთა ამირან შვანგირაძემ ეფექტური ლელოთი დააგვირგვინა, რომლის გარდასახვა მგეზავ ბონდო აბაშიძეს არ გაჭირვებია – 7:6.

აღსანიშნავია, რომ სერგო ფრუიძის ბიჭები კარში ჯარიმებს ხელსაყრელი პოზიციიდანადაც არ ურტყავდნენ და ყველა ჯერზე ოვალის მეტოქის 5-მეტრიანში გადატანას ლამობდნენ. მეორე ტაიმში უკვე პირქარში მყოფ „არმიელებს“ დაღლა დაეტყოთ, ,არესმა’ სტატიკაში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა  და დარჩენილ დროში მასპინძლებს დერეფანიდან აგორებული მოლით ტყუპისცალივით მსგავსი კიდევ 3 ლელო დაუდო. თავი მღლეტელმა ბექა ვარდანიძემ, შუამარბმა ლაშა ძნელაძემ და ბურჯმა გიორგი ტორაძემ გამოიჩინეს. ბონდო აბაშიძემ სამი რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებაც დააფიქსირა – 26:6. მატჩის მიწურულს ‘არმიამ’ გაიბრძოლა, მეტოქის 5-მეტრიანთან გვარიანი დროც დაჰყო, თუმცა ‘არესმა’ თავი კარგად დაიცვა და მასპინძლები ლელოს გარეშე დატოვა.

„ომის მრისხანე ღმერთმა’ ელიტაში ადგილის შენარჩუნების საქმეში მძლავრი ნაბიჯი გადადგა. საპასუხო შეხვედრა ქუთაისში 30 მაისს გაიმართება.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე