დიდი 10 | აკადემია 7:28 ბათუმი

საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ თბილისში ‘აკადემიას’ ბონუსით, 28:7 სძლია და სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-4 ადგილამდე აღზევდა.

‘აკადემიას’ საფლეიოფო ექვსეულში მოხვედრის შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს, თუმცა მიზანი ჯერ კიდევ შერჩა. „მხატვრებს“ შეუძლიათ მე-9 ადგილს თავი დააღწიონ და გადათამაშებები აირიდნონ.

წვიმის გამო თამაში „რაგბი პლატოს“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ ტერიტორიულ უპირატესობას, მეტოქე მისსავე ნახევარზე წნეხში მოაქციეს, მე-9 წუთზე მარცხენა ფრთაზე მეტობა შექმნეს და ნიკა ნინიძის ლელოთი ანგარიში გაიხსნა. რეზი ჯინჭველაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა.

‘აკადემიამ’ გარკვეული პერიოდით მოახერხა ინიციატივის დაუფლება, მაგრამ ‘ბათუმმა’ თავი დაიცვა, 25-ე წუთზე კი, კონტრშეტევისას ნინიძემ ოვალს ფეხი წაკრა, ის გიორგი ფრუიძემ აიტაცა და მეორე ლელო გაიტანა. ჯინჭველაშვილი ახლაც ზუსტი იყო. ტაიმის დარჩენილი დრო ისევ ‘აკადემიას’ შეტევებში მიილია, თუმცა უქულოდ და შესვენებაზე სტუმრები 14-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ანზორ სიჭინავას ლელო ნიკა ამაშუკელმა ვიდეო-რეფერისთან გადაამოწმა, რომელმაც ბოლო მომენტში ბურთზე კონტროლის დაკარგვა დააფიქსირა და ლელო გაუქმდა. 54-ე წუთზე ხვიჩა ბუჯიაშვილმა მასპინძელთა მოლი წესების დარღვევით ჩააქცია და თავად სინბინით, გუნდი კი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა – 7:14.

64-ე წუთზე კაცნაკლულმა ‘ბათუმმა’ მრავალფაზიანი, ლამაზი შეტევა ლელოთი დაასრულა. ჯინჭველაშვილმა ორჯერ გადაკიდა ბურთი ფეხით და სიჭინავამ და ბექა მამრიკიშვილმა კარგად ითამაშეს, შეტევის ფრთა რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ ის სიჭინავას ლელოთი დასრულდა. ჯინჭველაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა.

შეხვედრის მიწურულს სტუმრებმა კიდევ ერთი გააზრებული ხელდახელ შეტევა განახორციელეს და ძელებსშუა ლელო დურმიშხან ჯაბნიძემ გაიტანა. ეს ‘ბათუმისთვის’ პრემიის მომტანი ლელო აღმოჩნდა, ჯაბნიძემ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 28:7. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ‘ბათუმის’ 9 ნომერი დავით კლდიაშვილი დასახელდა.