დიდი 10 | აკადემია 42:12 იუნკერები

თბილისის ‘აკადემიამ’ კიკეთის ‘იუნკერებს’ 6 ლელო გაუტანა, 42:12 დაამარცხა და დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.

ერთი მოგება აქვს ‘იუნკერებსაც’, რომელმაც მეორე ტურში დებიუტანტი ‘ყაზბეგი’ დაამარცხა და 4 ქულით სატურნირი ცხრილის ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა. ‘აკადემიას’ მეოთხე ტურში ბონუსით მოგების შემდეგ, ჯამში 7 ქულა გაუხდა და მე-7 ადგილზე დაწინაურდა.

„მხატვრები“ ‘იუნკერებთან’ მატჩში პირველსავე წუთზე დაწინაურდნენ – კოტე იაშვილმა მოლის შემდეგ სანდრო მარგიანს მოკლე, დაუცველ ფრთაზე შეატევინა და მგეზავმა თავისივე ლელო გარდასახა. მასპინძლები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მეორე ლელო მხოლოდ ტაიმის მიწურულს გავიდა, როდესაც საბა ილურიძემ 22-ში ხაზი გაჭრა და ლევან ლომაურს ოფლოუდი ამოუგდო, მარგიანმა კი გარდასახა – 14:0.

‘იუნკერებმა’ გაწითლებულ დროზე უპასუხა. ხანგრძლივი შეტევის შემდეგ ხაზი უკვე დიტო კიკნაძემ გაჭრა, შეტევა მარჯვენა ფრთაზე გაგრძელდა და მიშა ჩაჩავას ლელოთი დასრულდა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. განახლდა შეხვედრა და სტუმრებმა მეორე, ძალისმიერი ლელო გაიტანეს. 44-ე წუთზე თავი ვანო გელაშვილმა გამოიჩინა და გიორგი ჯღამაიამ გარდასახვით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა.

მაგრამ მერე ‘აკადემიამ’ სრულად გაილაღა და 30 წუთში 4 ლელო გაიტანა. 52-ე წუთზე მასპინძელთა ძალისმიერი შეტევა ლელოთი ბერდია გიგაშვილმა დაასრულა, 6 წუთში თავი გიორგი გოგლიძემ გამოიჩინა, დასკვნით 10 წუთში კი თორნიკე ზოიძემ და მიხეილ ახობაძემ. სანდრო მარგიანმა ყველა გარდასახა – 42:12. გიორგი გოგლიძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე