დიდი 10 | აკადემია 36:34 ხვამლი

დედაქალაქურ დერბიში ‘აკადემიამ’ ‘ხვამლი’ დრამატულ მატჩში 36:34 დაამარცხა, წელი გამარჯვებით დაასრულა და ექვსეულში შესვლის კარგი შანსი შეინარჩუნა.

„რაგბი პლატოზე“ ლიდერი 7-ჯერ შეიცვალა და ორჯერ ანგარიში გათანაბრდა. „მხატვრებმა“ წლის ბოლოს ზედიზედ მესამე თამაში მოიგეს, ჯამში მეოთხე და 21 ქულით კვლავ მე-9 ადგილზე რჩებიან, თუმცა საფლეიოფო ზონას უკვე მხოლოდ 5 ქულა აშორებთ. ‘ხვამლი’ მე-7 წაგებულ მატჩში მეექვსედ დასჯერდა ნუგეშს და 25 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

ანგარიში დავით მოძღვრიშვილმა ჯარიმით გახსნა. მალე მას ბესიკ თაყნიაშვილმა უპასუხა, მე-11 წუთზე კი გიორგი კვაბზირიძემ გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე დაახლოებით 55 მეტრი ირბინა. თაყნიაშვილმა გარდასახა. მე-16 წუთზე ‘აკადემიამ’ დერეფნიდან მოლი დააყენა, მას მოულოდნელად ლაშა შალიკაშვილი მოწყდა და 10-მეტრიანი დრიბლინგი ლელოთი დაასრულა. მოძღვრიშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა, ტაიმის შუაში კი ორი ჯარიმით მასპინძლები დააწინაურა – 16:10.

დასკვნით 10 წუთში კიდე სამი ლელო გავიდა. საბა კურტანიძის ლელო თაყნიაშვილმა გარდასახა და სტუმრები მინიმალური სხვაობით დააწინაურა, თუმცა „მხატვრებმა“ იქვე საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს, მერე 5 ქულა მიშა ახობაძემ მიითვალა და ტაიმი 28:17 დასრულდა.

დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი, ‘აკადემია’ კოტე ნახუცრიშვილის სინბინის გამო კაცნაკლული დარჩა, საბა კურტანიძემ დაუცველ მარცხენა ფრთას შეუტია და თავისი მეორე ლელო გაიტანა, თაყნიაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახვის შემდეგ, ჯარიმაც უნაკლოდ შეასრულა და სხვაობა მინიმუმადე დაიყვანა, 56-ე წუთზე კი საბა კურტანიძემ ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და შეუტია, კლავდო ხუციშვილმა ბურთი ფეხით შეაცურა, მას ლაშა კაკაურიძე მიყვა და ლელო გაიტანა. თაყნიაშვილმა გარდასახა.

‘აკადემიამ’ ინიციატივა მალე დაიბრუნა, მოლის შემდეგ მცველებმა შალიკაშვილი შეაჩერეს, თუმცა ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩათამაშდა და ერეკლე თათარაშვილმა ლელოთი სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მასპინძლებმა იერიშები გააგრძელეს და 75-ე წუთზე გამომუშავებული ჯარიმით, სანდრო მარგიანმა ‘აკადემია’ 36:34 დააწინაურა და დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკა გოგლიძე გახდა.