დიდი 10 | აკადემია 36:11 იუნკერები

თბილისის ‘აკადემიამ’ კიკეთის ‘იუნკერებს’ მეექვსე ტურის მატჩში კომფორტული სხვაობით, 36:11 სძლია, ბონუსიც აიღო და „ა“ ჯგუფში ლიდერობა დაიბრუნა.

მეორე წრის პირველი ტურის ცენტრალურ მატჩში, „რაგბი პლატოზე“ რამაზ ხარაზიშვილმა სტუმრები ჯარიმით დააწინაურა, მაგრამ „მხატვრებმა“ მე-7 წუთზე, ჯიმი ღამბაშიძის ლელოთი უპირატესობა მოიპოვეს და ის ხელიდან აღარც გაუშვიათ. შესვენებამდე დავით მოძღვრიშვილმა კიდევ სამი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 14:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის მე-7 წუთზე ‘აკადემიამ’ მეორე ლელო გაიტანა – რამაზ მაზმიშვილმა მოლი 5 ქულით დაასრულა და მოძღვრიშვილმა გარდასახა. ტაიმის შუაში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, დასკვნით 10 წუთში კი მაყურებელმა სამი ლელო იხილა.

მასპინძლებმა ჯერ კარის წინ გაარღვიეს დაცვის ხაზი და ვანო ბერიკაშვილმა ბურთი ძელებსშუა დაამიწა, ხოლო 73-ე წუთზე ფრთაზე სოსო მათიაშვილი გაიქცა, რომელმაც მანამდე გარდასახვა გაიტანა. გაწითლებულ დროზე შედეგიანი შეტევა ‘იუნკერებმა’ განახორციელა და დევი დევსურაშვილმა ლელო გაიტანა, მაგრამ ამით დიდი არაფერი შეცვლილა – 36:11.

‘აკადემიამ’ 5 საცხრილო ქულა მიიღო და 22 ქულით პირველ ადგილზეა. ‘იუნკერებმა’ ექვსიდან მხოლოდ ორი თამაში დათმო, ორივე „მხატვრებთან“ და 18 ქულით მეორეზეა.

მატჩის საუკეთსო მოთამაშედ ‘აკადემიას’ ბურჯი ბექა გვარამია დასახელდა.

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე