დიდი 10 | აკადემია 27:27 ხარები

2019/2020 წლების დიდი 10-ის მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩში მეექვსე ფრე დაფიქსირდა. ლიდერთა ჯახში თბილისის ‘აკადემიამ’ რუსთავის ‘ხარებს’ „რაგბი პლატოზე“ უმასპინძლა – 27:27.

ანგარიში მე-17 წამზე გაიხსნა. ბურთი თამაშში ‘აკადემიამ’ შეიყვანა, მოიპოვა, თორნიკე ზოიძემ ხაზი სუფთად პირველსავე ფაზაში გაჭრა და ლელო გაიტანა, ხოლო დავით მოძღვრიშვილმა გარდასახა. ‘ხარებმა’ რამდენიმე მწვავე შეტევით უპასუხა და 23-ე წუთზე ლელო გაიტანა. ბაქარ ზედგინიძემ აუტიდან გადმოვარდნილი ბურთი აიტაცა, ფინტებით მოკლე დისტანციაზე რამდენიმე მცველს გასცდა და ლამაზი ლელო გაიტანა. ზურა ქავთარაძემ გარდასახა და ანგარიში გაათანაბრა.

მოძღვრიშვილმა და ქავთარაძემ 29-ე და 31-ე წუთებზე ჯარიმები გაცვალეს, ტაიმი კი რუსთაველებმა მოიგეს. 38-ე წუთზე ირაკლი ჩომახაშვილმა მოლი ლელოთი დაასრულა, ხოლო ქავთარაძემ გარდასახა – 10:17.

მეორე ტაიმი ‘აკადემიას’ შეტევებით დაიწყო, 49-ე წუთზე გიორგი მიქანაძემ ცრუმოძრაობით ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა, ხოლო მოძღვრიშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. 62-ე წუთზე, ხანგრძლივი შეტევის შემდეგ, რუსთაველებმა ფრთაზე გაკეთებული გრძელი გადაცემა ვერ ჩაჭრეს, ის საბა ილურიძემ მიიღო და ლელო გაიტანა, ხოლო მოძღვრიშვილმა გარდასახა.

‘ხარებმა’ 3 წუთში უპასუხა, ზურა ქავთარაძემ ხაზი ცენტრში გაჭრა და თავისივე გატანილი ლელო გარდასახა. სტუმრები ბოლოსწინა წუთზე გიორგი ბასილაიას არეკნით დაწინაურდა, მაგრამ ‘აკადემიამ’ მეტოქეს გამარჯვება არ დაანება, მოძღვრიშვილმა ბოლო წუთზე ჯარიმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 27:27.

გაწითლებულ დროზე ‘ხარებმა’ ცენტრიდან ჯარიმის გატანა სცადა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო და რუსთაველები 35 ქულით მეორე ადგილზე დარჩნენ. 33 ქულა აქვს ‘აკადემიას’, რომელმაც წელი მეოთხე ადგილზე დაასრულა.