დიდი 10 | აკადემია 27:25 ყაზბეგი

თბილისის ‘აკადემიამ’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ გამარჯვების ლელო-გარდასახვა გაწითლებულ დროზე გაუტანა და დიდი 10-ის მე-15 ტურში 27:25 იმარჯვა.

ამ მოგებით „მხატვრებმა“ მესამე ადგილი დაიბრუნეს (45 ქულა) და მეორეადგილოსან ‘ყოჩებთან’ ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანეს. ‘ყაზბეგს’ ქონდა შანსი, რომ გასავარდნ ზონას მნიშვნელოვნად დაშორებოდა, მაგრამ მხოლოდ ნუგეშის ქულა აიღეს და აუტსაიდერ ‘იუნკერებს’ მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ (12 ქულა).

მასპინძლები პირველ ტაიმში ხშირად ჯარიმდებოდნენ, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და ირაკლი ყიასაშვილმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. მას მეორე დარტყმა გაუფუჭდა, თუმცა შემდეგ ეპიზოდში საკუთარი ნახევრიდან ბურთი მეტოქის ლელოდან 5 მეტრში გადაიტანა, საიდანაც ‘ყაზბეგმა’ მოლი ააგორა და მირიან ჩქარეულმა ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო – 0:8.

რადგან ღია თამაშით არაფერი გამოდიოდა, ‘აკადემიამ’ აქცენტი ქულების ჯარიმებით დაგროვებაზე გადაიტანა და სანდრო მარგიანმა შესვენებამდე ორი, შესვენების შემდეგ კი კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა. მაგრამ ‘ყაზბეგმა’ ლიდერობა მალევე დაიბრუნა. 56-ე წუთზე, კაცნაკლულმა სტეფანწმინდელებმა (47-ე წუთზე ლუკა დვალიშვილი გაასინბინეს) რამდენჯერმე შეცვალეს შეტევის მიმართულება, მარჯვენა ფრთაზე მეტობა შექმნეს და გუგუა ხულელიძემ ლელო ალამთან გაიტანა, ყიასაშვილმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა.

62-ე წუთზე ‘აკადემიამ’ მეტოქის 22-ში მოლი მძლავრად დაძრა, მერე ბურთი მოკლე ფრთაზე გავიდა და საბა ილურიძემ ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ‘ყაზბეგს’ ლიდერობის დასაბრუნებლად 3 წუთი დაჭირდა. ხულელიძემ საკუთარ ნახევარზე ჩაჭრა გადაცემა და კონტრშეტევა წამოიწყო, მერე მარჯვენა ფრთაზე როსტომ როსტომაული გაიქცა და ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, საქმეში ფორვარდები ჩაერთვნენ და არსენ ტრაპაიძე ვეღარავინ შეაჩერა, მისი ლელო კი ყიასაშვილმა გარდასახა.

ყიასაშვილმა 71-ე წუთზე ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და ‘ყაზბეგი’ საფინალო სასტვენდამდე 9-10 წუთით ადრე 8 ქულით დაწინაურდა. მაგრამ ‘აკადემია’ არ დანებდა, მარგიანმა ჯარიმით 75-ე წუთზე უპასუხა და მასპინძლები დასკვნითი შტურმისთვის მოემზადნენ. ‘ყაზბეგმა’ თითქოს შეძლო მეტოქის იერიშების მოგერიება, მაგრამ ჯარიმიდან ბურთი აუტში ვერ გადაიტანა. შედეგად, ‘აკადემიამ’ 85-მეტრიანი კონტრშეტევა წამოიწყო, არეულ თამაშში ერეკლე თათარაშვილმა ხაზი გაჭრა და ლელოთი წონასწორობა აღადგინა, მარგიანმა კი გარდასახა და მასპინძლებს 27:25 მოაგებინა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘აკადემიას’ ბურჯი რამაზ მაზმიშვილი გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი