დიდი 10 | აკადემია 25:22 აია

დიდი 10-ის მერვე ტურის მეორე სათამაშო დღის სერია, კვირას ‘აკადემიამ’ გააგრძელა. ‘ლოკომოტივისა’ და ‘იუნკერების’ მსგავსად, მანაც გამარჯვება გაწითლებულ დროზე მოიპოვა – ‘აია’ 25:22 დაამარცხა.

პირველი ტაიმი სტუმრებისა იყო. ანგარიში მე-6 წუთზე გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმით გახსნა, მე-15 წუთზე კი, გიორგი აბრამიძეს დაახლოებით 70-მეტრიანი გარღვევა, ოთარ ძაგნიძემ ლელოთი მარჯვენა ალამთან დაასრულა. ტაიმის შუაში დავით მოძღვრიშვილმა და ბაბუნაშვილმა ჯარიმები გაცვალეს, ტაიმის ბოლოს კი, ‘აკადემიამ’ შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეუტია, გიორგი მიქანაძემ ოფლოუდი შეირგო და შესვენებაზე გუნდები 3-ქულიანი სხვაობით გავიდნენ – 8:11.

ბაბუნაშვილმა და მოძღვრიშვილმა მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში ჯარიმები გაცვალეს. 68-ე წუთზე ‘აკადემიამ’ კაცნაკლულ მეტოქეს (გელა შალამბერიძის სინბინის გამო) მორკინალებით შეუტია, მერე ბურთი ფრთაზე გავიდა და ზურაბ მინდიაშვილმა ლელო მარცხენა ალამთან გაიტანა, რითაც თავისიანები პირველად დააწინაურა და მოძღვრიშვილმაც გარდასახა.

ბაბუნაშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო 75-ე წუთზე ‘აიამ’ კარიდან 45 მეტრში ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, ძაგნიძე ფრთაზე ორ მბოჭავს გაექცა, თორნიკე მანაგაძეს ოფლოუდი ამოუგდო და მანაც სტუმრებს ლიდერობა დაუბრუნა. დასკვნითი წუთები ‘აკადემიამ’ შეტევებში გაატარა, ერთხელ ბურთიც დაკარგა და იქვე დაიბრუნა, ბოლოს მთელი გუნდით მოლი დააყენა, რომელიც ლელოთი ლევან ლომაურმა დაასრულა და საკუთარ გუნდს გამარჯვება დაუბევა, ხოლო მოძღვრიშვილმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 25:22.