დიდი 10 | აკადემია 25:19 ლოკომოტივი

„ა“ ჯგუფის მეხუთე ტურის გადადებულ მატჩში, ‘აკადემიამ’ „რაგბი პლატოზე“ დედაქალაქურ დერბიში ‘ლოკომოტივს’ 25:19 სძლია.

პირველ ტაიმში რკინიგზელებმა ორი ლელო გაიტანეს. დებიუტში ანგარიში გიორგი შკინინმა გახსნა, 32-ე წუთზე კი თავი ირაკლი ქვათაძემ გამოიჩინა და ბექა წიკლაურმა გარდასახა.

დავით მოძღვრიშვილმა პირველ ლელოს ორი ჯარიმით უპასუხა, ტაიმის მიწურულს კი მესამე გაიტანა. მეორე ტაიმი ‘აკადემიას’ დომინირებით დაიწყო, ‘ლოკომოტივმა’ შეძლო თავისი ლელოს დაცვა და 50-ე წუთზე მოძღვრიშვილმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა – 12:12.

ტაიმის შუაში მიხეილ ახობაძემ გაიბრწყინა. მან ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, დაახლოებით 50 მეტრი ირბინა და გზად მეტოქის ათამდე მორაგბე ჩამოიცილა. ის 5-მეტრიანთან შეაჩერეს, მაგრამ გამოტანილი ბურთი ლელოში იოანე ხელაიამ შეიტანა. მოძღვრიშვილმა გარდასახა და 71-ე წუთზე რთული პოზიციიდან ჯარიმაც გაიტანა, რითაც მასპინძელთა უპირატესობა 10-მდე გაზარდა.

‘ლოკომოტივმა’ ძალები მოიკრიბა და ორჯერ დააყენა მოლი. ‘აკადემია’ დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა თავის დაცვას, მაგრამ ბოლოს მაინც გატყდა და ნიკა წივწივაძის ლელო წიკლაურმა გარდასახა. შეხვედრის მიწურულს ‘აკადემიამ’ ლამაზი შეტევა განავითარა და ოფლოუდების სერია ლელოთიც დასრულდებოდა, რომ არა წინ პასი. სამაგიეროდ „მხატვრებმა“ ჯარიმა მიიღეს, მიძღვრიშვილმა გაიტანა და მატჩი 25:19 დასრულდა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ მიხეილ ახობაძე დასახელდა.

‘აკადემიას’ ამ მოგებით 17 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. აღებული ბონუსის წყალობით სამეულში შევიდა ‘ლოკომოტივიც’, რომელსაც ჯამში 12 გაუხდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე