დიდი 10 | აკადემია 23:3 აია

თბილისის ‘აკადემიამ’ დიდი 10-ის მე-10 ტურის დასკვნით შეხვედრაში ქუთაისის ‘აიას’ 23:3 სძლია და სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა.

„მხატვრებმა“ „რაგბი პლატოზე“ 3 უპასუხო ლელო გაიტანეს და ბონუსიც აიღეს. შედეგად, მათ 17 ქულა მოუგროვდათ და ჯერ კიდევ მე-9 პოზიციაზე რჩებიან, თუმცა ‘ბათუმს’ უკვე მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ‘ლოკომოტივს’ 14-ით უსწრებენ. ‘აიას’ 27 ქულა დარჩა და მე-5 პოზიციაზეა.

სტუმრებს თამაშის დალაგება გაუჭირდათ, რითაც ‘აკადემიამ’ კარგად ისარგებლა და სათამაშო უპირატესობა ანგარიშში ასახა. საწყის 10 წუთში დავით მოძღვრიშვილმა და ბონდო აბაშიძემ ჯარიმები გაცვალეს, პირველი 28-ე წუთზე გავიდა. მასპინძლებმა 5-მეტრიანი დერეფნისა და მოლის შემდეგ, ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩაათამაშეს და მიხეილ ახობაძის ლელო მოძღვრიშვილმა გარდასახა. ტაიმის ბოლოს მან ჯარიმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 13:3.

მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ‘აკადემიამ’ 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლის დაყენება სცადა, მოულოდნელად მას ლაშა შალიკაშვილი მოწყდა და ლელო გაიტანა. შეხვედრის მიწურულს ‘აია’ შოთა არეშიძის სინბინის შემდეგ მოედანზე კაცნაკლული დარჩა, ‘აკადემიამ’ 5-მეტრიანი შერკინებიდან მარცხენა ფრთაზე ჩაათამაშა ბურთი და ახობაძემ დუბლით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 23:3. მატჩის საუკეთესო მოთამაშე „მხატვრების“ კაპიტანი დავით მოძღვრიშვილი გახდა.