დიდი 10 | აკადემია 19:24 აია

ქუთაისის ‘აიამ’ „რაგბი პლატოზე“ ადგილობრივ ‘აკადემიას’ 24:19 სძლია და ფლეი ოფში უკეთესი პოზიციით გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა.

ქუთაისელები 44 ქულით მე-5 პოზიციაზე არიან და ორი ქულით ჩამორჩებიან ‘აკადემიას’, თუმცა ერთი გადადებული თამაში აქვთ და მისი მოგებით, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე საკუთარი მოედნის უპირატესობით სარგებლობის უფლებას დაუახლოვდებიან.

მე-17 ტურის დებიუტში მასპინძლები დაწინაურდნენ. მე-4 წუთზე „მხატვრების“ მოლი ლევან ლომაურის ლელოთი დასრულდა, დავით მოძღვრიშვილმა კი, გარდასახვის შემდეგ ტაიმის შუაში ჯარიმაც გაიტანა. ბონდო აბაშიძემ ჯარიმა მალევე გაქვითა. 37-ე წუთზე ‘აიას’ ძალისმიერი შეტევების სერიას პეტრე ჯინჭარაძის ლელო მოყვა და აბაშიძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა, თუმცა გაწითლებულ დროზე ‘აკადემია’ მოძღვრიშვილმა კვლავ დააწინაურა – 13:10.

მეორე ტაიმის დასაწყისში ქუთაისელები რამდენჯერმე დაემუქრნენ მეტოქის ლელოს, 54-ე წუთზე კი კარგი მოლი ააგორეს და ის ლაშა შალიკაშვილმა დაასრულა. აბაშიძემ გარდასახა და ტაიმის შუაში მოძღვრიშვილის გატანილი ჯარიმით, სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. 71-ე წუთზე ‘აიას’ შეტევა გიორგი კურტანიძის ლელოთი დასრულდა და აბაშიძე გარდასახვიდან ამჯერადაც ზუსტი იყო. შედეგად, მატჩის მიწურულს ‘აკადემიამ’ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო, მოძღვრიშვილმა ჯარიმით სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა და საკუთარ გუნდს ნუგეშის ქულა არგუნა – 24:19 ‘აიას’ სასარგებლოდ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ბებუნი კუხიანიძე დასახელდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი