დიდი 10 | აკადემია 18:23 ბათუმი

‘ბათუმმა’ „რაგბი პლატოზე“ პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ‘აკადემია’ მისსავე მოედანზე 23:18 დაამარცხა.

ამ გამარჯვებამ ზღვისპირელებს სატურნირო ცხრილში სოლიდური უპირატესობა და ლიდერობა დაუბევა – 28 ქულა. ‘აკადემიამ’ მცირედით მარცხისთვის ნუგეში მიიღო, ჯამში 17 ქულა მოუგროვდა და მეხუთე პოზიციაზეა.

‘აკადემია’ თამაშს კარგ ხასიათზე შეხვდა. ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, ისინი მოწინავეთა შორის აღმოჩნდნენ და ლიდერსაც თამამად შეუტიეს. შედეგად, მე-6 წუთისთვის სანდრო მარგიანს უკვე ჯარიმა ქონდა გატანილი, მაგრამ ‘ბათუმმა’ ტემპს უმატა, ხელდახელ თამაშით უპირატესობა მოიპოვა, რეზი ჯინჭველაშვილმა ცრუმოძრაობის შემდეგ ხაზი სუფთად გაჭრა და შეხვედრის პირველი ლელო ძელებსშუა გაიტანა.

მამუკა ნინიძემ ზუსტი გარდასახვის შემდეგ შორიდან ჯარიმაც უნაკლოდ შეასრულა. 24-ე წუთზე მარგიანმა ასევე შორეული ჯარიმით უპასუხა და სხვაობა კვლავ მინიმალური გახდა. თუმცა ზღვისპირელებმა ხელდახელ სწრაფი, ხარისხიანი თამაშით კიდევ ერთხელ შეძლეს მანძილის მოგება, 5-მეტრიანი წყვეტილიდან ზურაბ ძნელაძემ ნულოვან ზონაში შეუტია და ბურთი ისეთ ადგილას დაამიწა, ნინიძეს გარდასახვა არ გაჭირვებია – 17:9 სტუმართა სასარგებლოდ.

ტაიმი უფრო დიდი სხვაობით დასრულდებოდა, რომ არა დავით მოძღვრიშვილის თავგანწირული თამაში. ვანო ფუტკარაძე უკვე ლელოში იყო შესული და ბურთის დამიწებას აპირებდა, როდესაც ის მასპინძელთა მგეზავმა შებოჭა და პირით ხაზს იქით გადაიყვანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მარგიანმა და ნინიძემ ჯარიმები გაცვალეს. მერე „მხატვრები“ ინიციატივას დაეუფლნენ და მიხეილ წიკლაურმა ყვითელი ბარათი მიიღო, მარგიანმა კი კარის წინ 25 მეტრიდან სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა. კაცნაკლულმა სტუმრებმა შეძლეს მეტოქის ნახევარზე გადასვლა, გასატან პოზიციაზე ჯარიმის მოპოვება და ნინიძემ სტატუსქვო კვლავ აღადგინა.

74-ე და 76-ე წუთებზე ‘აკადემიამ’ ჩამორჩენის შემცირების ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვა. ჯარიმა ჯერ მარგიანს, მერე მოძღვრიშვილს გაუცუდდა. მიუხედავად ამისა, მათ ბოლომდე იბრძოლეს და ეს დაუფასდათ კიდეც. გაწითლებულ დროზე მოძღვრიშვილმა კარის წინ 15 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და საკუთარ გუნდს ნუგეშის ქულა მოუპოვა – 18:23.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ბათუმელთა მგეზავი რეზი ჯინჭველაშვილი გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი