დიდი 10 | აკადემია 17:20 ბათუმი

კაცნაკლულმა ‘ბათუმმა’ ‘აკადემის’ ბოლო შეტევა მოიგერია და დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირის მეორე ეტაპის მეოთხე ტურში 20:17 გაიმარჯვა.

მასპინძლებს თამაშის ფრედ დასრულების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩიეს და მხოლოდ ერთ საცხრილო ქულას დასჯერდნენ. სოსო მათიაშვილს მე-3 წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ კარის წინ 40 მეტრიდან ჯარიმა ააცილა. მე-8 წუთზე ‘ბათუმმა’ ხელდახელ შეუტია და გურამ ქანდაურაშვილმა ხაზი გაჭრა, რამდენიმე ფაზის შემდეგ, ლაშა ხმალაძემ 22-ში, კარის წინ ფეხით გადაიკიდა ბურთი და თავად დაამიწა.

მამუკა ნინიძემ ზუსტი გარდასახვის შემდეგ, 23-ე წუთზე ჯარიმაც გაიტანა. მანამდე ‘აკადემიამ’ დიდი დრო შეტევაში გაატარა, მაგრამ სტუმართა მძლავრ დაცვას წააწყდა. მერე გუნდებმა როლები გაცვალეს და ახლა ‘აკადემიამ’ დაიცვა თავი. ტაიმის ბოლოს ისევ თბილისელებმა შეუტიეს და ზედ შესვენების წინ მათიაშვილმა ჯარიმა გაქვითა – 3:10.

მეორე ტაიმის დასაწყისში ნინიძემ ჯარიმით 10-ქულიანი უპირატესობა აღადგინა. მათიაშვილის დარტყმული 48-ე წუთზე ძელმა აისხლიტა, მაგრამ ‘აკადემია’ შეტევაში დარჩა, ერთ წუთში სოსომ კარის წინ გაჭრა ხაზი და ლელო გიორგი მიქანაძეს გაატანინა, თავად კი გარდასახა. ‘ბათუმმა’ მალევე უპასუხა, საბა შუბითიძეზე კარის წინ ბოჭვა გაცუდდა და მის ლელოს ნინიძის გარდასახვა მოყვა.

5 წუთში თბილისელებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დაძრეს და ლევან ლომაურმა ლელო გაიტანა, მათიაშვილმა კი გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა. დასკვნითმა წუთებმა ‘აკადემიას’ შეტევებში ჩაიარა. მათ სინბინით საბა ილურიძე დაკარგეს, თუმცა მალე ყვითელი ბარათები ნინიძემ და ჯონდი კორტავამ მიიღეს. მასპინძლებმა ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩიეს, მაგრამ მოლი ვეღარ დაძრეს, ბურთი დაკარგეს და 17:20 დამარცხდნენ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მაინც „აკადემიელი“ გახდა – მათიაშვილი. თბილისელებმა ნუგეშის ქულა მიიღეს და 19 ქულით მესამე ადგილზე რჩებიან. ‘ბათუმს’ 25 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ხვალ მისი კონკურენტი ‘აია’ ‘ლოკომოტივს’ მასპინძლობს და შესაძლოა, ზღვისპირელებს ლიდერობის დათმობა მოუხდეთ.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე