დიდი 10 | აკადემია 16:9 ლოკომოტივი

დედაქალაქურ დერბიში ‘აკადემიამ’ ‘ლოკომოტივი’ 16:9 დაამარცხა და უშუალო კონკურენტთან მნიშვნელოვანი ჰანდიკაპი მოიპოვა.

დიდი 10-ის პირველი წრე „რაგბი პლატოზე“ აუტსაიდერთა ჯახით დასრულდა. დაძაბულ და ნერვულ მატჩში „მხატვრებმა“ საკუთარი შესაძლებლობები უკეთ გამოიყენეს, პირველ ტაიმში მოპოვებული მცირედი უპირატესობა შეინარჩუნეს და სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვეს. ‘აკადემიას’ 12 ქულა აქვს და ჯერ კიდევ გასავარდნ, მე-9 ადგილზე რჩება, თუმცა საფლეიოფო ზონას (‘ბათუმს’) მხოლოდ 4 ქულა აშორებს. ‘ლოკომოტივმა’ სეზონის მესამე ნუგეში აიღო, კვლავაც გამარჯვების გარეშეა და ‘აკადემიას’ 9 ქულით ჩამორჩება.

შეხვედრის დებიუტში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომას. დავით მოძღვრიშვილმა ‘აკადემია’ ჯარიმით ორჯერ დააწინაურა, თუმცა ლუკა სახელაშვილმა ორივეჯერ უპასუხა. 29-ე წუთზე „მხატვრებმა“ მოლის შემდეგ მოკლე ფრთაზე შეუტიეს და მიხეილ ახობაძემ შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა, მოძღვრიშვილმა კი გარდასახა.

‘ლოკომოტივს’ ქულების აღების შანსი რამდენჯერმე ჰქონდა, მაგრამ ჯარიმის დარტყმას ლელოზე თამაში არჩიეს და შეცდომები დაუშვეს. ტაიმის ბოლოს მოძღვრიშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა – 16:6. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში მასპინძლები კაცნაკლულები იყვნენ, რადგან მსაჯმა ჯიმი ღამბაშიძე და ირაკლი ლუარსაბიშვილი გაასინბინა, ‘ლოკომოტივიდან’ კი ნიკა დარჩიაშვილი.

მეორე ტაიმში ‘ლოკომოტივმა’ მეტოქის ნახევარზე მეტი დრო გაატარა, თუმცა ‘აკადემიამ’ შეძლო მისი ძალისმიერი შეტევების მოგერიება. ერთადერთხელ, 65-ე წუთზე, სახელაშვილმა 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით 7 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა – 16:9. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კოტე ნახუცრიშვილი გახდა.