დიდი 10 | აკადემია 14:21 ლოკომოტივი

დედაქალაქურ დერბიში თბილისის ‘ლოკომოტივმა’ „რაგბი პლატოზე“ ‘აკადემიას’ 21:14 სძლია და საფლეიოფო ექვსეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა.

რკინიგზელებს 24 ქულა მოუგროვდათ, მე-7 ადგილზე არიან და ექვსეულს 4 ქულით ჩამორჩებიან. მხატვრებმა ნუგეშის ქულა აიღეს, ჯამში 32 გაუხდათ და მეოთხე პოზიციაზე არიან.

ანგარიში სანდრო მარგიანმა ჯარიმით დებიუტშივე გახსნა. ‘ლოკომოტივმა’ შეძლო უპირატესობის მოპოვება და საპასუხო ჯარიმის გატანის შანსიც არაერთხელ მიეცა, მაგრამ ლელოზე თამაში არჩია და გარკვეული დროით უქულოდ დარჩა. მე-14 წუთზე სტუმრებმა მაინც შეძლეს 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლის აგორება და ვახტანგ ქვათაძემ ლელო გაიტანა. ბექა წიკლაურს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა 24-ე წუთზე ჯარიმიდან ზუსტი იყო.

ამას ჯერ ‘ლოკომოტიველი’ ოთარ ლაშხის გასინბინება მოყვა, მერე ‘აკადემიელი’ ლევან ლომაურის და რკინიგზელებმა ზედ შესვენების წინ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს – ირაკლი ქვათაძე მოლს მოულოდნელად მოწყდა და ლელო დაამიწა – 13:3.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ლოკომოტივის’ მეორეხაზელმა ნიკა წივწივაძემ ხაზი გაჭრა და ლელომდე 25 მეტრი ირბინა. გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო. ტაიმის შუაში დავით მოძღვრიშვილმა და წიკლაურმა ჯარიმები გაცვალეს, დასკვნით მეოთხედში კი მასპინძლებმა იმძლავრეს. მოძღვრიშვილმა 65-ე წუთზე მორიგი ჯარიმა გაიტანა, გაწითლებულ დროზე კი ლელო გელა მახარაშვილმა დადო და სხვაობა კიდევ უფრო შეამცირა. შედეგად, ‘აკადემიას’ მცირედი სხვაობით მარცხისთვის 1 ქულა ერგო, ‘ლოკომოტივმა’ კი ბონუსი დაკარგა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვახტანგ ქვათაძე გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი