დიდი 10 | აკადემია 13:28 ლელო

დედაქალაქურ დერბიში ‘ლელომ’ „რაგბი პლატოზე“ ‘აკადემიას’ 28:13 სძლია და გასულ ტურში ნათამაშები ფრის შემდეგ, დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

დაუმარცხებელი ‘ლელო’ 10 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო ‘აკადემია’ სამი ტურის შემდეგ კვლავაც უქულოდაა.

თამაში მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო და მე-9 წუთზე დათა იმნაძემ მასპინძლები ჯარიმით დააწინაურა, მაგრამ მერე ‘ლელო’ დაეუფლა ინიციატივას, რამდენიმე მწვავე იერიში განახორციელა და მე-14 წუთზე სანდრო ქოიავამ მოლი ლელოთი დაასრულა. ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახა. თამაში ორმხრივი, ხელდახელ შეტევებით გაგრძელდა და მის მიწურულს ‘ლელომ’ ორჯერ იხეირა. 36-ე წუთზე მათ სწრაფად გაითამაშეს სამსვლიანი კომბინაცია და ის ნიკა ბაგაშვილმა დაასრულა, ხოლო ბოლო წუთზე რატი ჟორჟოლიანმა ლელო მოლის შემდეგ გაიტანა. ყიასაშვილმა ორივე გარდასახა და სტუმრები 21:3 დაწინაურდნენ.

აღსანიშნავია, რომ ტაიმის ბოლოს ‘აკადემიას’ ფულბეკმა დავით მოძღვრიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა დაიწყო მეორე ტაიმი და ყვითელი ბარათები ‘ლელოელებმა’, ნიკა ბაბუნაშვილმა და სანდრო ქოიავამ მიიღეს. მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით მალევე ისარგებლა, 43-ე წუთზე მოლით შეუტიეს და რამაზ მაზმიშვილმა ერთი ლელო გაქვითა. „მხატვრებმა“ შეტევები გააგრძელეს, მაგრამ ‘ლელომ’ კარგად დაიცვა თავი და შემადგენლობა რომ შეივსო თავად შეუტია. 65-ე წუთზე მათმა ხანგრძლივმა შეტევებმა შედეგი გამოიღო და მოლი ნიკა ბაბუნაშვილის ლელოთი დასრულდა. ყიასაშვილმა გარდასახვით უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდა.

შეხვედრის მიწურულს ‘ლელო’ კიდევ ერთხელ დარჩა 13 კაცის ამარა. ერთმანეთის მიყოლებით ჯერ ბექა მამუკაშვილმა მიიღო ყვითელი ბარათი, მერე ლუკა კოროშინაძემ წითელი. ‘აკადემიამ’ მოლი ააგორა და მას ვანო ბერიკაშვილის ლელო მოყვა, რითაც სტუმრებმა ბონუსი-ქულა დაკარგეს – 13:28. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიგა გრიგალაშვილი გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი