დიდი 10 | აია vs აკადემია

2022/2023 წლების დიდი 10-ის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა კვირას, 4 სექტემბერს ქუთაისში გაიმართება. ‘აია’ „აია არენაზე“ თბილისის ‘აკადემიას’ 18 საათზე დაუხვდება.

2021 წლის ჩემპიონმა ‘აიამ’, გასული სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა. მას შემდეგ გუნდი 17-მა მოთამაშემ დატოვა და მთავარ მწვრთნელ ლევან შარვაშიძეს პრაქტიკულად ახალი გუნდის შენება უწევს. ახალ მოთამაშეებს შორის არიან როგორც სხვა კლუბებიდან გადმოსული მორაგბეები, ასევე ჭაბუკთა „ა“ ლიგიდან დაწინაურებული ახალგაზრდები და ერთი ლეგიონერი – ფიჯელი მეორეხაზელი ნაპოლიონ ბაკევა.

გუნდის მზადებასა და ტრანსფერებთან დაკავშირებით მთავარი მწვრთნელი ამბობს:

„შარშანდელის მსგავსად, წელსაც 17-მა მოთამაშემ დაგვტოვა და ახალი გუნდის შენების პროცესში ვართ, თუმცა გვაქვს იმის რესურსი, რომ მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ. რამდენიმე მოთამაშე სხვა კლუბებიდან დავიმატეთ, ასევე მივიღეთ შევსება ჭაბუკთა „ა“ ლიგიდან. წელსაც ორი ფიჯელი ლეგიონერი გვეყოლება. კვლავ ჩვენთან ითამაშებს ნასენგე ლისალა ჰუგავოუ და დავიმატეთ მეორეხაზელი ნაპოლიონ ბაკევე, რომელსაც კარგი დახასიათება აქვს“.

„ვარჯიში ივნისის შუა რიცხვებში განვაახლეთ. თავიდან კვირაში სამჯერ ვვარჯიშობდით, ივლისიდან კი სრულფასოვან დატვირთვებზე გადავედით. 20 აგვისტოდან ერთკვირიანი შეკრება გავიარეთ ბაკურიანში, სადაც ძირითადად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ვიმუშავეთ. გვქონდა ორი ტესტ-მატჩი ‘ხვამლთან’ და ‘ბაგრატთან’. ბიჭები თავს კარგად გრძნობენ, მოტივირებულები არიან და ექვსეულისთვის ვიბრძოლებთ, მერე კი მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავებას ვეცდებით. რადგან მომავალი სეზონიდან დიდ 10-ში გუნდების რაოდენობა მცირდება, წელს დაძაბულ სეზონს ველოდებით“.

‘აკადემიამ’ გასული სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა. ზაფხულში გუნდი 11-მა მოთამაშემ დატოვა, სანაცვლოდ კი 8 მორაგბით შეივსო. მთავარი მწვრთნელი თორნიკე კალანდარიშვილი ამბობს, რომ „მხატვრები“ ახალ სეზონს კარგად მომზადებულები ხვდებიან:

„ივლისის დასაწყისში 3-კვირიანი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ, რის შემდეგაც 4 დღე დავისვენეთ და ვარჯიში უკვე ბურთით განვაახლეთ. 11-მა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშემ დაგვტოვა, თუმცა შევსებაც კარგი მივიღეთ და სეზონს მომზადებული ვხვდებით. ‘ლოკომოტივთან’ ტესტ-მატჩს შუთამაშებლები შევხვდით, თუმცა 10 დღის შემდეგ ‘ყაბეგს’ ვეთამაშეთ და ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით. მიუხედავად იმისა რომ ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს, ბოლო ვარჯიშებმა ძალიან კარგად ჩაიარა. მათ ადვილად აუღეს ალღო ჩვენს სათამაშო სისტემას. მიზანი ექვსეულში შესვლაა, რათა დიდ 10-ში ადგილი შევინარჩუნოთ და მერე მაქსიმალურად მაღალი ადგილისთვის ვიბრძოლებთ“.