დიდი 10 | აია 40:10 არესი

წვიმიან ამინდში „აია არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართულ ქუთაისურ დერბიში, ‘აიამ’ ‘არესი’ პირწმინდად დაჯაბნა, ხაზი სუფთად არაერთხელ გაუჭრა და მიმდინარე გათამაშების ლიდერი ბონუსით, 40:10 დაამარცხა.

ამ მოგების შემდეგ ‘აიას’ 22 ქულა მოუგროვდა და სანამ მე-7 ტურის დარჩენილი სამი თამაში გაიმართება სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აღზევდა. 23 ქულით ჯერჯერობით პირველ ადგილს ინარჩუნებს ‘არესი’, ვისთვისაც ეს სეზონში მეორე მარცხი იყო.

როგორც ჩანს, შიდა ჩემპიონატში გამოცხადებული 3-კვირიანი შესვენებით ‘აიამ’ კარგად ისარგებლა და მე-7 ტურის თამაშს მეტოქეზე უკეთ მომზადებული შეხვდა. შეხვედრა მისი შეტევებით დაიწყო და 17 წუთში ორი ლელოთი დაწინაურდა. პირველ ეპიზოდში ჯერ ბონდო აბაშიძემ შეუტია კარგად და დიდი მანძილი მოიგო, მერე გიორგი ნიკოლაძემ გაჭრა ხაზი სუფთად და ლელომდე 30 მეტრი ირბინა, ხოლო მეორე ეპიზოდში თემურ კოხოძე გიორგი ბაბუნაშვილის ფეხით შეცურებულ ბურთს შეყვა, ბონდო აბაშიძემ კი ორივე გარდასახა.

‘არესმა’ 27-ე წუთზე უპასუხა, როდესაც მეტოქე 5-მეტრიან შერკინებაში დაჯაბნა და საჯარიმო ლელო გამოიმუშავა. ამას გიორგი ქიმუცაძის სინბინიც დაერთო და გიორგი თევდორაძემ ჯარიმით სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა, თუმცა ამის შემდეგ ნომინალურ სტუმრებს ქულა აღარ აუღიათ. ტაიმის ბოლოს ‘აიამ’ 22-მეტრიანის ხაზთან დანიშნული დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაითამაშა, კოხოძემ მოულოდნელად ცენტრისკენ შეუტია, ხაზი სუფთად გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, აბაშიძემ კი გარდასახა – 21:10.

მეორე ტაიმში ‘აიამ’ კიდევ სამი ლელო გაიტანა, თანაც ისე, რომ თავად ქულა აღარ მიუღია. 46-ე წუთზე, ხელდახელ შეტევის შემდეგ ინტერვალში ბურჯი პეტრე ჯინჭარაძე მაღალ სისწრაფეზე შევიდა და ლელომდე ირბინა. 67-ე წუთზე დავით კვირიკაშვილმა ჩაჭრა გადაცემა და მეხუთე ლელო გაიტანა, შეხვედრის მიწურულს კი თავი ამირან შვანგირაძემ გამოიჩინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 40:10. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ნიკოლაძე გახდა.