დიდი 10 | აია 37:22 ლოკომოტივი

ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ 37:22 სძლია, მასთან სხვაობა 8 ქულამდე გაზარდა და დიდი 10-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე, მოწინავე ექვსეული მდევრებს მნიშვნელოვნად დაშორდა.

მოქმედი ჩემპიონი ჯერჯერობით მე-6 ადგილზე რჩება, თუმცა ერთი გადადებული შეხვედრა რეზერვში აქვს. მე-7 პოზიციაზეა ‘ლოკომოტივი’, რომლის ექვსეულში შესვლა უკვე კონკურენტების მიერ ნაჩვენებ შედეგზეცაა დამოკიდებული. ბევრ რამეს გაარკვევს მე-14 ტურში ხვალ გასამართი თამაში, რომელშიც ‘არესი’ რუსთავის ‘ხარებს’ ქუთაისში მასპინძლობს.

„აია არენაზე“ შეხვედრა სტუმართა შეტევებით დაიწყო. მე-8 წუთზე მათ მოლით შეუტიეთ და ლაშა შალიკაშვილი სინბინით, მისი გუნდი კი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. კაცნაკლულმა ‘აიამ’ 6 წუთში უპასუხა – ბექა წიკლაურმა საკუთარ 22-ში ბურთი ვერ აიღო, ის თემურ კოხოძის ნადავლი გახდა და ერთი პასის შემდეგ ლელო შოთა არეშიძემ მიითვალა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმის შუაში წიკლაურმა ჯარიმით ‘ლოკომოტივის’ უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა.

24-ე წუთზე მოლი უკვე ‘აიამ’ დააყენა, საიდანაც ბურთი მოულოდნელად გამოვიდა, დავით კლდიაშვილმა შეუტია და წონასწორობა აღადგინა, ბონდო აბაშიძემ კი გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა. ნელ-ნელა ქუთაისელთა უპირატესობა გამოიკვეთა და ტაიმის ბოლომდე კიდევ ორი ლელო გავიდა. 31-ე წუთზე იურა კენჭაძეს კლდიაშვილი მიყვა, ოფლოუდი შეირგო და დუბლი შეასრულა. 37-ე წუთზე ბონდო აბაშიძეზე ბოჭვა გაფუჭდა, მეორე მბოჭავი სისწრაფეში ხელით ჩამოიცილა და ლელო მარჯვენა ალამთან გაიტანა. მანვე ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა – 26:10.

მეორე ტაიმის დებიუტში ‘ლოკომოტივმა’ 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ააგორა და ნუგზარ გელაშვილმა ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა. აბაშიძემ 47-ე და 61-ე წუთებზე ჯარიმებით უპასუხა. 62-ე წუთზე ფრთაზე გიორგი აბაშიძე გაიქცა და ლელოთი მატჩის ბედი გადაწყვიტა, თანაც მასპინძლებს ბონუსის აღების შანსი გაუჩნდათ. ‘ლოკომოტივმა’ 66-ე წუთზე მათ ეს ბონუსი „ჩამოართვა“, როდესაც ფეხით გადაკიდების შემდეგ, ლელო რამაზ ხარაზიშვილმა დაამიწა და წიკლაურმა გარდასახა.

ბრძოლა ბოლო წუთამდე გაგრძელდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘აიამ’ 37:22 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე დავით კლდიაშვილი გახდა.

 

ფოტო: აჩიკო გეგენავა