დიდი 10 | აია 36:8 აკადემია

დიდი 10-ის ახალი სეზონის დასკვნით მატჩში, ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘აკადემია’ 36:8 დაამარცხა და ბონუს ქულაც ჩაიწერა.

„აია არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე თვალსასეირო თამაში გაიმართა. ორივე გუნდი მაღალ ტემპში, ხელდახელ ცდილობდა შეტევას. ხშირი იყო შეცდომები, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს, 5 ლელო გაიტანეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა. მასპინძლებმა დერეფნიდან მოლი ააგორეს და წინ წაიწიეს, მერე ბურთი ხაზზე გავიდა და ირაკლი სიმსივეს ოფლოუდის შემდეგ ლელო გივი ლეჟავამ გაიტანა, ხოლო ბონდო აბაშიძემ გარდასახა. მალე აბაშიძემ და დათა იმნაძემ ჯარიმები გაცვალეს, ტაიმის შუაში კი მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა.

23-ე წუთზე ცენტრის სიახლოვეს გიორგი აბრამიძემ გადაკიდებული ბურთი მოხსნა და სივრცეში შეუტია, მას ლეჟავა მიყვა, შეტევა კი ქუთაისელთა ფიჯელმა ლეგიონერმა ლისალა ჰუგავოუმ დაასრულა. 27-ე წუთზე ლისალამ ფეხით გადაკიდებული ბურთი აუტში არ გადაუშვა, სწრაფი კონტრშეტევა კიდევ ერთმა ფიჯელმა ნაპოლიონ ბეკევამ წამოიწყო, გიორგი სინაურიძე ლელოს ხაზთან შეაჩერეს, მაგრამ ორი დარტყმის შემდეგ იმავე სინაურიძემ ლელო მიითვალა. აბაშიძემ ორივე გარდასახა – 24:3.

პირველი ტაიმის დასკვნით და მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა. მერე ‘აკადემიამ’ ფეხით თამაშის ნაცვლად ხელდახელ შეტევა თავისი ნახევრიდან წამოიწყო, მარჯვენა ფრთაზე დავით მოძღვრიშვილი გაიქცა და დიდი მანძილი დაფარა, ალამთან კი ბურთი მიხეილ ახობაძემ დაამიწა. არეული თამაში ბოლომდე გაგრძელდა და მასპინძლებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს, რითაც ბონუსი დაიბევეს.

66-ე წუთზე საკუთარი ნახევრიდან ხელით უკვე ‘აიამ’ შეუტია, მეტოქის 22-ში მან თითქოს ტემპი დაკარგა, თუმცა ამირან შვანგირაძემ მოშიშვლებულ ზურგში შეაცურა ბურთი და მას ლელოში გიორგი აბრამიძე შეყვა, ბონდო აბაშიძემ კი გარდასახა. 73-ე წუთზე აკადემიელებმა წნეხში შეცდომა დაუშვეს, ნიკა ღლონტმა გადაცემა ჩაჭრა და მეხუთე ლელო გაიტანა – 36:8. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი სინაურიძე გახდა.

 

ფოტო: აჩიკო გეგენავა