დიდი 10 | აია 35:21 აკადემია

‘აიამ’ ‘აკადემიას’ 35:21 სძლია და დიდი 10-ის გარდამავალი სეზონის ფლეი ოფის პირველ ეტაპზე დასვენება გაინაღდა.

რეგულარული სეზონის მოწინავე ექვსეულის ბოლოსწინა ტურის პირველი მატჩი ქუთაისში გაიმართა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, მე-8 წუთზე მარჯვენა ფრთაზე ხელდახელ შეუტიეს და ზურაბ ძნელაძემ ლელომდე დაახლოებით 40 მეტრი ირბინა. გარდასახვა არააზუსტი იყო, თუმცა მე-20 წუთამდე გიორგი ბაბუნაშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა, რომელთა შორის ერთი ზუსტი დარტყმა დავით მოძღვრიშვილმა შეასრულა.

21-ე წუთზე ქუთაისელებმა ხელდახელ კიდევ ერთი კარგი შეტევა წამოიწყეს, მარჯვენა ფრთაზე თემურ კოხოძე გაიქცა, რაქიდან გამოტანილი ბურთი ძნელაძემ ირაკლი სიმსივეს ამოუგდო და მანაც მეორე ლელო გაიტანა. ბაბუნაშვილმა კი გარდასახა. ‘აკადემიამ’ მორკინალების მიძალებით უპასუხა და ფაზები აკინძა, რასაც გიორგი გაბისონიას სინბინი მოყვა, მერე სტუმრებმა მოლი ააგორეს და ვანო ბერიკაშვილმა ერთი ლელო გაქვითა. მოძღვრიშვილს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა მალევე ჯარიმით ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა (18:11).

თამაში რომ განახლდა სტუმრებმა ფეხით დაკიდებული ბურთი ვერ აიღეს, ‘აიამ’ შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეუტია და გიორგი აბრამიძეს ლელო ბაბუნაშვილმა გარდასახა. მეორე ტაიმის დასაწყისში მოძღვრიშვილმა მორიგი ჯარიმა გაიტანა, რასაც ორიოდე წუთში ‘აიას’ მოლი მოყვა, რაქიდან გამოსული ბურთი ძნელაძემ მიიღო, რომელმაც გაგლეჯვაზე ითამაშა და ორმაგი ბოჭვის მიუხედავად ლელო გაიტანა.

51-ე წუთზე მასპინძლებს ლაშა შალიკაშვილი წითელი ბარათით გაუძევეს, იქვე ‘აკადემიამ’ ფრთაზე გაშალა ბურთი და ზურაბ მინდიაშვილმა სტუმართა მეორე ლელო გაიტანა. მოძღვრიშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. 10 წუთში ბაბუნაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა, მერე მას ორი დარტყმა გაუცუდდა, თუმცა ‘აიამ’ 35:21 იმარჯვა და პირველ ადგილზე გამაგრდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე დუბლის ავტორი ზურაბ ძნელაძე გახდა. ქუთაისელებს 31 ქულა აქვთ, პირველ ადგილზე არიან და ფლეი ოფის მეოთხედფინალში გარანტირებულად ისვენებენ. ‘აკადემია’ 19 ქულით მესამე პოზიციაზე რჩება.

 

ფოტო: გიორგი კილაძე