დიდი 10 | აია 35:10 ყოჩები

ქუთაისის ‘აიამ’ ბოლნისის ‘ყოჩები’ პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჯაბნა და მატჩის მიწურულს გატანილი წყვილი ლელოთი, ბონუსიც მოიპოვა – 35:10.

ქუთაისელებისთვის ეს იყო მიჯრით მეორე გამარჯვება და ისინი „ბ“ ჯგუფს 9 ქულით ლიდერობენ, ხოლო ‘ყოჩები’ 5 ქულით მეორე ადგილზე რჩება.

„აია არენაზე“ სანახაობას დაძაბულობა სჭარბობდა. ანგარიში ლაშა ლომიძემ ჯარიმით გახსნა, მე-15 წუთზე კი მიხეილ ბაბუნაშვილმა ლელო გაიტანა. ‘ყოჩებმა’ თემურ სოხაძის არეკნით მალევე უპასუხა, თუმცა შესვენებამდე კიდევ ორი ჯარიმა მიიღო და 3:14 ჩამორჩა.

 

 

მეორე ტაიმის საწყისი წუთები კვლავ მასპინძლების იყო,49-ე წუთზე ირაკლი სიმსივემ ცრუმოძრაობით დაცვის ხაზი დააბნია და მასპინძელთა მეორე ლელო ლომიძემ გარდასახა. გარკვეული პერიოდით ბოლნისელებმა მოახერხეს მეტოქის 22-ში დამკვიდრება და ლაშა ფოფხაძემ მოლი ლელოთი დაასრულა, სოხაძემ კი გარდასახვით ჩამორჩენა 11 ქულამდე დაიყვანა.

‘აიამ’ სწრაფად დაიბრუნა ინიციატივა, ახლა მათ დააყენეს მოლი, რომელმაც ღერძი იცვალა და თორნიკე აქუბარდიამ შეტევა ლელოთი დაასრულა, ხოლო მატჩის მიწურულს გიორგი სინაურიძემ თავისი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა. ლომიძე გარდასახვებიდან არც ამჯერად შეცდა და მასპინძლებმა დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘აიას’ კაპიტანი მიხეილ ბაბუნაშვილი გახდა.

 

ფოტო: არჩილ გეგენავა