დიდი 10 | აია 32:21 ყოჩები

ქუთაისის ‘აიამ’ ბოლნისის ‘ყოჩებთან’ ჩამორჩენა მეორე ტაიმში დებიუტში აღმოფხვრა და 32:21 გამარჯვებით, საჩემპიონო ფლეი ოფში თამაში ორი ტურით ადრე დაიბევა.

‘აიასთვის’ ეს ზედიზედ მესამე მოგება იყო, 40 ქულით მე-5 ადგილზეა და ერთი გამოტოვებული შეხვედრაც რეზერვში აქვს. ‘ყოჩებმა’ პირიქით, ზედიზედ მესამე თამაში დათმო, თუმცა 50 ქულით მეორე ადგილს ინარჩუნებს.

„აია არენაზე“ გამართული შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა. გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველში უპირატესობას ბოლნისელები ფლობდნენ, თუმცა მასპინძლებმა შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა.

პირველ 10 წუთში ბონდო აბაშიძემ და ლაშა მალაღურაძემ ჯარიმები გაცვალეს, რის შემდეგაც სტუმრების უპირატესობა გამოიკვეთა და მე-16 წუთამდე ორი ლელო გავიდა. პირველ ეპიზოდში ლაშა ფოფხაძემ თავის 22-თან გაჭრა ხაზი და მეტოქის 22-მდე ირბინა, ბურთი სწრაფად ჩათამაშდა კოტე მარჯანიშვილამდე და მან ის მარჯვენა ალამთან დაამიწა. მეორე ეპიზოდში კონტრშეტევაზე მარჯანიშვილმა ფეხით გადაიკიდა ბურთი, 40 მეტრი სწრაფად დაფარა და დუბლი შეასრულა. მალაღურაძემ ორი რთული გარდასახვიდან პირველი ზუსტად შეასრულა, მეორე ძელმა აისხლიტა.

ტაიმის შუაში აბაშიძემ და მალაღურაძემ კვლავ ჯარიმები გაცვალეს, შესვენების წინ კი ‘აიამ’ ჩამორჩენა შეამცირა. ქუთაისელებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან კარგი მოლი ააგორეს და ის საბა ხონელიძემ დაასრულა. გარდასახვა არაზუსტი იყო – 11:18.

მეორე ტაიმის დებიუტი უკვე მასპინძლების იყო და მათ სწრაფად შეძლეს უპირატესობის მოპოვება. ბოლნისელთა საწყისი შეტევების მოგერიების შემდეგ, 46-ე წუთზე ‘აიამ’ მოლით წინ წაიწია და რაქიდან მეორე მიძალებას გიორგი კურტანიძის ლელო მოყვა, რომელიც კარის წინიდან აბაშიძემ გარდასახა და წონასწორობა აღადგინა. თამაში რომ განახლდა ‘ყოჩები’ მოედნის ცენტრში შეცდა, ქუთაისელებმა ბურთი ფრთაზე სწრაფად ჩაათამაშეს და ალამთან ლელო გიორგი აბრამიძემ გაიტანა. აბაშიძე გარდასახვიდან კვლავ ზუსტი იყო.

მალაღურაძემ 56-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ‘აია’ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, 70-ე წუთზე, დერეფნის შემდეგ წარმოქმნილი რაქიდან ლაშა ლომიძეზე გავიდა ბურთი და მის ლელოს აბაშიძემ გარდასახვით 2 ქულა დაუმატა. ‘ყოჩებმა’ გააფთრებით შეუტია და ხშირი ჯარიმების შემდეგ, ქუთაისელთა მეორეხაზელი ბებუნი კუხიანიძე სინბინით დაისაჯა, მაგრამ სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა და ‘აიამ’ 32:21 იმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქუთაისელთა ფიჯელი ლეგიონერი ლისალა ნასეგე გახდა.

 

ფოტო: აჩიკო გეგენავა