დიდი 10 | აია 31:26 აკადემია

ქუთაისის ‘აიამ’ ‘აკადემიას’ 31:26 სძლია და სექტემბრის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა. ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, პირველ ტურში დებიუტანტ ‘ყაზბეგთან’ გამარჯვების შემდეგ, 4 მარცხი და ორი გადადებული შეხვედრა დაუგროვდა და გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა.

„აია არენაზე“ ანგარიში მასპინძლებმა მე-8 წუთზე გახსნეს. შერკინების შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა, ნიკა ღლონტმა მომენტი დაიჭირა, ხაზი გაჭრა და მიზანს ძელებსშუა მიწვდა, ლაშა ლომიძემ კი გარდასახა. სანდრო მარგიანმა და ლომიძემ ჯარიმები გაცვალეს, მერე კი მასპინძელთა შუამარბმა საკუთარ მონაგარს კიდევ 7 ქულა შემატა. 21-ე წუთზე ‘აკადემიამ’ ცენტრში დაკარგა ბურთი, ‘აიამ’ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, დავით გასვიანმა მნიშვნელოვანი მანძილი მოიგო, დავით კლდიაშვილმა და მირიან მოდებაძემ პასები და ოფლოუდები არ დააგვიანეს და ლომიძემ თავისივე ლელო გარდასახა – 17:3.

მარგიანმა შესვენებამდე ორი, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 5 ქულამდე დავიდა. ‘აიამ’ სწრაფად უპასუხა. ხელდახელ შეტევას ორჯერ მოყვა მოლი 5-მეტრიანი დერეფნიდან და ლაშა შალიკაშვილის ლელო ლომიძემ გარდასახა. დინამიურ, ტემპიან თამაშში, 56-ე წუთზე საბა ილურიძემ თავის ნახევარზე გაჭრა ხაზი, მეტოქის 22-მდე ირბინა და ლელოში ბურთი გიორგი მიქანაძეს შეაყოლა. მარგიანმა გარდასახა.

‘აკადემია’ ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ ‘აიამ’ შეძლო თავის დაცვა, 68-ე წუთზე გივი ლეჟავამ ოფლოუდის შემდეგ ხაზი გაჭრა და ლელომდე 35 მეტრი ირბინა. ლომიძე გარდასახვიდან არც ამჯერად შეცდა, თუმცა მალევე ჯარიმა გაუცუდდა და სტუმრებს შანსი გაუჩნდათ. ეს შანსი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ‘აიამ’ იონა ფირცხალავა სინბინით დაკარგა. ამას ის მოყვა, რომ ‘აკადემიამ’ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა და სხვაობა კვლავ 5 ქულამდე დავიდა, თანაც ქუთაისელები – გიორგი სინაურიძე და ლაშა შალიკაშვილი ყვითელი ბარათებით დაისაჯნენ და მასპინძლები მოედანზე 12 კაცის ამარა დარჩნენ.

მაგრამ თბილისელებმა ბოლო შეტევა ვეღარ წამოიღეს და ‘აიამ’ 31:26 მოიგო, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი მათი მგეზავი ნიკა ღლონტი გახდა.

 

ფოტო: გიორგი კილაძე