დიდი 10 | აია 28:26 ყოჩები

ქუთაისის ‘აიამ’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ დიდი 10-ის მე-13 ტურში 28:26 სძლია და ერთი კვირის წინ რუსთავში მოპოვებული „სარბიელის სინი“ მინიმუმ ერთი კვირით შეინარჩუნა.

ქუთაისელებმა წელს ზედიზედ მეორე თამაში მოიგეს, რამაც სატურნირო ცხრილში მესამე ადგილამდე დაწინაურების შესაძლებლობა მისცა, თუმცა ტურის დანარჩენი შეხვედრები ჯერ კიდევ წინ არის. ‘ყოჩებმა’ ნუგეშ-ქულა აიღო და კვირამდე საფლეიოფო, მეექვსე ადგილს ინარჩუნებს.

„აია არენაზე“ ანგარიში მე-5 წუთზე, მასპინძლებმა გახსნეს. მათ ხელდახელ, ფრთების მონაცვლეობით შეუტიეს და დიდი მანძილი მოიგეს, გიორგი ბაბუნაშვილის ფეხით გადაკიდებული ბურთი კი მოედნიდან ისე ასხლტა, ამირან შვანგირაძეს ჩაუვარდა ხელებში. ის ნიკოლოზ რეხვიაშვილმა შებოჭა, თუმცა ქუთაისელთა ფრთამ დროზე გაათავისუფლა ოვალი და მეორე ცდით ანგარიში გახსნა. გავიდა 5 წუთი და ‘ყოჩებმა’ უპასუხა. რომან მახათაძემ ხაზი გაჭრა და კარგად ირბინა, მარჯვენა ფრთიდან იერიშში კოტე მარჯანიშვილი ჩაერთო, რომელიც თავისივე ფეხით შეცურებულ ბურთს მიყვა და ლელო ლაშა მალაღურაძემ გარდასახა.

მასპინძლებმა უპირატესობა25-ე წუთზე დაიბრუნეს, როდესაც 5-მეტრიანი დერეფნიდან კარგად დაყენებული მოლი პეტრე ჯინჭარაძის ლელოთი დასრულდა, ბაბუნაშვილმა კი გარდასახვას ჯარიმაც მიაყოლა და ტაიმი 15:7 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ნასეგემ მალაღურაძის ფეხით შეცურებული ბურთი ვერ აიღო, რითაც რეხვიაშვილმა ისარგებლა და ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა. მალე მოედანზე გაწევ-გამოწევა ატყდა და რეფერიმ ილია გაბისონია (აია) და ომარ ბალიაშვილი (ყოჩები) გაასინბინა. ‘აიამ’ ლელოს გატანა ვერ შეძლო და ბაბუნაშვილმა ჯარიმით მორიგი 3 ქულა აიღო, ხოლო 56-ე წუთზე ნასეგემ გაჭრა ხაზი, ის 22-ში შეაჩერეს, თუმცა რამდენიმე დარტყმის შემდეგ ლელო ნაპოლიონ მბეკევამ მიითვალა და ბაბუნაშვილმა გარდასახა – 25:12.

შეხვედრის მიწურულს ქუთაისელებს დისციპლინის მხრივ პრობლემები შეექმნათ, რასაც ჯერ ირაკლი სიმსივეს და მერე თეიმურაზ კოხოძის სინბინი მოყვა. ‘ყოჩებმა’ 2-კაციანი უპირატესობა 72-ე წუთზე გამოიყენა, როდესაც ფრთაზე მეტობა გამოიყენა და რანი ფხალაძის ლელოს მალაღურაძის გარდასახვა მოყვა. განახლდა თუ არა შეხვედრა ბონდო აბაშიძემ ჯარიმით მასპინძელთა უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა. ერთ წუთში ქუთაისელები შეცდნენ და გიორგი კურტანიძემ ლელო გაიტანა, ხოლო მალაღურაძემ გარდასახვით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ დარჩენილ 3 წუთში აღარაფერი შეცვლილა და ‘აიამ’ გამარჯვება იზეიმა – 28:26.

მატჩის საუკეთსო მოთამაშე ნაპოლიონ მბეკევა გახდა.