დიდი 10 | აია 27:26 ხარები

ქუთაისის ‘აიამ’ პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და დიდი 10-ის მესამე ტურში რუსთავის ‘ხარები’ 27:26 დაამარცხა.

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგთან’ და თბილისის ‘ლელო-სარასენსთან’ ერთად, ‘აია’ მიმდინარე ჩემპიონატში მესამე დაუმარცხებელი გუნდია და ის 11 ქულით მეორე ადგილზეა. ‘ხარებს’ მცირედი მარცხისთვის ნუგეშის ქულა ერგო და ჯამში 5 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

„აია არენაზე“ მასპინძლები საწყის 25 წუთში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და სოლიდური, 24-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვეს, მაგრამ მერე მათი თამაში აირია, ‘ხარები’ ინიციატივას დაეუფლა და გამარჯვებამდეც სულ ცოტა დააკლდა.

ქუთაისელები საწყის წუთებში ხელდახელ სახიფათოდ უტევდნენ და სტუმრები ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმდნენ, რასაც მესამე წუთზე ჟორა მღებრიშვილის სინბინი მოყვა და ნიკა ღლონტმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. ‘აიამ’ შეძლო რუსთაველების წნეხში მოქცევა, მათაც საკუთარ 22-ში შეცდომები დაუშვეს, მე-9 წუთზე ზვიად ორმოცაძემ მეტოქეს ფეხით მოგერიებისას დაუფარა და ლელოც თავადვე დაამიწა. ღლონტი გარდასახვიდან ზუსტი იყო.

მალე მასპინძლების ლელო ვიდეო-რეფერიმ რაქში წინთამაშისთვის გააუქმა, მაგრამ ისინი კვლავ აგრძელებდნენ იერიშებს, 5-მეტრიანი შერკინებიდან ბურთი ხაზზე გაიტანეს და ორი პასის შემდეგ დავით კვირიკაშვილმა ლელო გაიტანა. 22-ე წუთზე ქუთაისელებმა რამდენჯერმე გაჭრეს ხაზი, გურამ გოგიძემ და გიორგი ქიმუცაძემ კარგად იარეს და ილია გაბისონიამ ‘აიას’ მესამე ლელო გაიტანა. ღლონტი გარდასახვებიდან ზუსტი იყო და ანგარიში 24;0 გახდა.

სტუმრებმა ამის შემდეგღა შეძლეს შეტევის ორგანიზება, დერეფნის შემდეგ მოკლე ფრთაზე ლევან ჭავჭავაძემ შეუტია და მიზნამდე ცოტა დააკლდა, თუმცა პაატა ბურჭულაძეს ოფლოუდი გაუხერხა და მას ლელოს გატანა აღარ გაჭირვებია, გიორგი პეტრიაშვილმა კი გარდასახა. 34-ე წუთზე ‘აიამ’ გასატანი პოზიციიდან მორიგი 3 ქულა აიღო და მას შემდეგ მონაგარს ვეღარაფერი შემატა. სამაგიეროდ, სტუმრებმა განახორციელეს კარგი შეტევა, სანდრო ილურიძემ ხაზი გაჭრა და ლელოში ლევან ნარიმანიძე შეუშვა. პეტრიაშვილმა ესეც გარდასახა – 27:14.

მეორე ტაიმი კვლავ ‘ხარების’ იერიშებით დაიწყო, 43-ე წუთზე მათ დერეფნიდან მოლი ააგორეს, რომელშიც სანდრო ილურიძეც ჩაერთო და ჩამორჩენა კიდევ უფრო შემცირდა, პეტრიაშვილის გარდასახვამ კი, სტუმრები ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში შეიყვანა. რუსთაველთა შეტევები გაგრძელდა, 58-ე წუთზე გიორგი ნათელაშვილმა ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და ოფლოუდით ირაკლი ქვათაძეს შეატევინა, რაქიდან ბურთი მღებრიშვილმა აიტაცა, მოკლე ფრთაზე შეუტია და საკუთარი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა. პეტრიაშვილს გარდასახვა გაუცუდდა და როგორც შემდგომში გაირკვა, ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს ჰქონდა შეტევების მცდელობები, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘აიამ’ 27:26 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ზვიად ორმოცაძე გახდა.

 

ფოტო: აჩიკო გეგენავა