დიდი 10 | აია 27:19 ბათუმი

კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სამკვირიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, 2020/2021 წლის დიდი 10-ის გარდამავალი ჩემპიონატი გადადებული მატჩით განახლდა.

„ბ“ ჯგუფის ლიდერმა ქუთაისის ‘აიამ’, 2019 წლის ჩემპიონ ‘ბათუმს’ „აია არენაზე“ უმასპინძლა და სანახაობრივ მატჩში 27:19 დაამარცხა. მეტოქეებმა სამ-სამი ლელო გაიტანეს და ანგარიშის თვალსაზრისით, გადამწყვეტი კარში დარტყმები აღმოჩნდა.

გუნდებს დაუბრუნდნენ „შემოდგომის ერთა თას“ მოვლილი ბორჯღალოსნები, რაც თამაშის ხარისხზეც აისახა. მეტოქეები ცდილობდნენ მაღალ ტემპში, ხელდახელ თამაშით მოეპოვებინათ უპირატესობა და არც მძლავრი ფორვარდების დარტმებზე ამბობდნენ უარს. ქუთაისელები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ მოლში და ეს კარგად გამოიყენეს.

‘ბათუმმა’ ბოლოს 25 ოქტომბერს ითამაშა, ხოლო ‘აიამ’ სამი კვირის წინ და მორაგბეები ორთაბრძოლებს მოწყურებული იყვნენ. ძლიერ ქარში უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, მოლში მეტოქე რამდენჯერმე დააჯარიმეს და მე-12 წუთზე საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს, სანდრო ქოიავა კი სინბინით დაისაჯა.

ორ წუთში ბათუმელები ცენტრის სიახლოვეს შეცდნენ, ბურთი ირაკლი სიმსივემ აიტაცა და ლაშა ლომიძემ 50-მეტრიანი კონტრშეტევა ძელებსშუა ლელოთი დაასრულა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი გარდასახა.

ტაიმის შუაში ‘ბათუმმა’ მოახერხა მეტოქის 22-ში დამკვიდრება, მორკინალებმა მაგრად იმუშავეს, კოკი თხილაიშვილმა ძალისმიერ სტილში დიდი მანძილი მოიგო და საბა შუბითიძის ლელო მამუკა ნინიძემ გარდასახა. ‘აიამ’ მალევე შეძლო ინიციატივის დაბრუნება, ორი ჯარიმა გამოიმუშავა და ნინიძემ ორივე გაიტანა – 20:7.

ზედ შესვენების წინ ზღვისპირელებმა მეტოქეს დიდი შტურმი მოუწყვეს და 5-მეტრიან შერკინებაში რამდენჯერმე დააჯარიმეს. ამას რამაზ რუხაძე სინბინით შეეწირა, მაგრამ მასპინძლებმა თავის დაცვა მოახერხეს.

სტუმრებმა მეორე ტაიმის დასაწყისში ლელო მაინც გაიტანეს. მათ 5-მეტრიანთან ჯარიმა სწრაფად გაათამაშეს და სანდრო თოდუა ლელოში შეიჭრა, ნინიძემ კი გარდასახა. მასპინძლებმა სტატუსქვო მალე აღადგინეს. ‘აიას’ მოლი ორჯერ ჯარიმით შეჩერდა და თხილაიშვილმა ყვითელი ბარათიც მიიღო, მაგრამ მესამე ჯერზე მიხეილ ბაბუნაშვილმა ლელო მაინც გაიტანა და გიორგიმ გარდასახა.

დასკვნითმა წუთებმა ‘ბათუმის’ შეტევებში ჩაიარა. ‘აიამ’ ერთმანეთის მიყოლებით სინბინით გიორგი აბრამიძე და მირიან მოდებაძე დაკარგა, მაგრამ ქუთაისელებმა დრო მოიგეს. 79-ე წუთზე გიორგი მენაბდემ ლელო გაიტანა, მაგრამ ნინიძეს სიჩქარეში გარდასახვა გაუცუდდა. ბათუმელებმა ვერც ბოლო ბურთი აიღეს და საბოლოოდ ბონუსიც დაკარგეს. ზღვისპირელები ოთხი თამაშიდან 6 ქულით მე-5 ადგილზე არიან.

‘აიამ’ 27:19 მოიგო, სატურნირო ცხრილში ხუთი თამაშიდან 19 ქულა მოუგროვდა და მდევარს კომფორტულად, 7 ქულით უსწრებს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ‘აიას’ კაპიტანი გიორგი ბაბუნაშვილი დასახელდა.

ხვალ „რაგბი პლატოზე“ „ა“ ჯგუფის გადადებული თამაშია. ‘აკადემია’ ‘ლოკომოტივს’ მასპინძლობს და შეხვედრა 14 საათზე დაიწყება.

 

ფოტო: არჩილ გეგენავა