დიდი 10 | აია 22:35 ლელო

თბილისის ‘ლელომ’ ქუთაისში მოქმედ ჩემპიონ ‘აიას’ 35:22 სძლია და სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა.

ორივე გუნდი საფლეიოფო ზონაშია – ‘ლელო’ 30 ქულით მეხუთე, ხოლო ‘აია’ 28 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.

მატჩის დებიუტში მასპინძლები ლელოდან 5 მეტრში მაღალი ბოჭვისთვის დაჯარიმდნენ და პეტრე ხუციშვილმა ის 3 ქულად აქცია. ‘ლელომ’ შეტევები გააგრძელა, მოლის ჩაქცევის შემდეგ ბურთი ხაზზე გაიტანა და გრძელი პასის შემდეგ ლელო გაგა ქევხიშვილმა დაამიწა, ხუციშვილმა კი გარდასახა. ‘აიამ’ მალევე უპასუხა, მაღალ ტემპში ხელდახელ შეუტია, ფიჯელი ლისალა ნასეგე მცველს ერთი-ერთზე გაექცა და საპასუხო ლელო გაიტანა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი გარდასახა.

მერე ხუციშვილმა და ბაბუნაშვილმა ჯარიმები გაცვალეს, 34-ე წუთზე კი ‘აიამ’ დაწინაურება მოახერხა. ახლა მოლის შემდეგ მათ გაიტანეს ბურთი ხაზზე და გრძელი გადაცემის შემდეგ ლელო თემურ კოხოძემ მიითვალა, ბაბუნაშვილი კი გარდასახვიდან არ შეცდა. ტაიმის მიწურულს ხუციშვილმა ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა – 17:16.

ქუთაისელებმა მეორე ტაიმი პირველზე უფრო ცუდად დაიწყეს. ‘ლელომ’ ბურთი თამაშში შეიყვანა, მასპინძლები სიტუაციაში ვერ გაერკვნენ, რითაც არჩილ აბესაძემ ისარგებლა და სწრაფი ლელოთი სტუმრებს ლიდერობა დაუბრუნა. სტუმრებმა იერიშები გააგრძელეს, ხელდახელ შეტევებს მორკინალების მიძალებები მოუნაცვლეს და დავით აბდუშელიშვილი მიზანს მიწვდა, ხუციშვილმა კი გარდასახა და უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა.

‘აიამ’ ტემპს უმატა და გიორგი პერტაიას სინბინის შემდეგ რიცხობრივი უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ თბილისელებმა მათი იერიშები მოიგერიეს, ბურთის ფეხით მოგერიების შემდეგ კი, მასპინძლების შეცდომით აბესაძემ ერთხელაც ისარგებლა და დუბლი შეასრულა. ხუციშვილის გარდასახვის მერე ‘ლელო’ 35:17 დაწინაურდა. ‘აია’ ხელდახელ, მაღალ ტემპში ცდილობდა მიზნის მიღწევას და ხანგრძლივი შეტევა გივი ლეჟავას ლელოთი დასრულდა, თუმცა მასპინძლებს მეტის მისაღწევად დრო აღარ დარჩათ და ‘ლელომ’ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა – 35:22 უშუალო კონკურენტთან.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სანდრო მამამთავრიშვილი დასახელდა.

 

ფოტო: აჩიკო გეგენავა