დიდი 10 | აია 17:18 ხვამლი

თბილისის ‘ხვამლმა’ ქუთაისის ‘აიას’ პირველ ტაიმში 18 უპასუხო ქულა გაუტანა, შესვენების შემდეგ მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და სეზონში მეოთხე გამარჯვება იზეიმა – 18:17.

მუხიანელებისთვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა, სულ კი დიდი 10-ის პირველ წრეში 4 შეხვედრა მოიგეს და 23 ქულით მე-7 ადგილზე არიან. ‘აიას’ მხოლოდ ნუგეშ-ქულა ერგო, ჯამში 27 გაუხდა, მესამე ადგილზეა და ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება.

წვიმის ფონზე, ქუთაისში თამაში „აია არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და სტუმრები ზურა ქობელაშვილის გატანილი ჯარიმით მე-2 წუთზევე დაწინაურდნენ. მე-10 წუთზე მას მეორე მცდელობა გაუცუდდა, თუმცა ქუთაისელებს ბურთი წინ დაუვარდათ, ‘ხვამლმა’ 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია და მიხეილ ორაგველიძემ ლელო გაიტანა, ქობელაშვილმა კი გარდასახა.

‘აიამ’ შეძლო მეტოქის ნახევარზე გამაგრება, მაგრამ ‘ხვამლი’ კარგად იცავდა თავს და კონტრშეტევებით პასუხობდა. 39-ე წუთზე გიორგი ბაბუნაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო და ქობელაშვილმა 43 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა. თამაში რომ განახლდა თბილისელების ფეხით მოგერიებული ბურთი ისე ახტა, რომ სიჩქარეში მყოფ ლაშა კაკაურიძის ხელებში აღმოჩნდა, ის 5-მეტრიანთან შეაჩერეს, თუმცა სწრაფი კონტრშეტევა ზურა ლუტიძის ლელოთი დასრულდა და ‘ხვამლმა’ ტაიმი 18:0 მოიგო.

მეორე ტაიმი ‘აიას’ შეტევებით დაიწყო. ‘ხვამლი’ დიდი ხნის განმავლობაში იგერიებდა ძალისმიერ იერიშებს, თუმცა 47-ე წუთზე ამას სინბინით ნიკო აფციაური შეეწირა და ერთ წუთში მოლი პეტრე ჯინჭარაძის ლელოთი დასრულდა. გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა. რიცხობრივი უპირატესობით ‘აიამ’ 53-ე წუთზეც ისარგებლა და ამჯერად მოლში საჯარიმო ლელო დაიმსახურა.

ამ ეპიზოდში ყვითელი ბარათი ტარიელ დონაძემ მიიღო და სტუმრები 4 წუთით მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩნენ. მიუხედავად ამისა, ლუკა მატკავას ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმით უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ დარტყმა ვერ შეასრულა. საპასუხოდ, ნიკა ღლონტმა 63-ე წუთზე გატანილი ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა და მასპინძლებს მოსაგებად საკმარისი დრო რჩებოდათ. ‘აიამ’ ცდა არ დააკლო, მაგრამ ‘ხვამლმა’ ღირსეულად დაიცვა თავი და ქუთაისში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 18:17. მატჩის საუკეთესო მოთამაშე საბა კურტანიძე გახდა.