დიდი 10 | აია 17:14 ყაზბეგი

ქუთაისის ‘აიამ’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ მეორე ტაიმში 17 უპასუხო ქულა გაუტანა, 14-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და დიდი 10-ის მე-15 ტურში 17:14 გაიმარჯვა.

‘აიამ’ ამ მოგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი, ასევე 2023 წლის დასაწყისში მოპოვებული „სარბიელის სინი“ შეინარჩუნა. ‘ყაზბეგი’ მცირედი სხვაობით მარცხისთვის ნუგეშ-ქულას დასჯერდა, ჯამში 39 მოუგროვდა, მე-5 ადგილზეა და 4-ით ჩამორჩება ‘აიას’.

„აია არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე პირველ ტაიმში ორი ლელო გავიდა. ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა. სტუმრებმა მასპინძლები ცენტრალურ ხაზთან შეავიწროვეს და შეცდომა დააშვებინეს, ბურთს ფეხი გუგუა ხულელიძემ წაკრა, მას ლუკა ალიბეგაშვილი მიყვა და ლელოში დაამიწა, ოთარ ტალახაძემ კი გარდასახა. ‘აია’ გააქტიურდა და რამდენჯერმე ლელოს გატანასთანაც ახლოს იყო. ‘ყაზბეგმა’ დიდი ძალისხმევით შეძლო თავის დაცვა, თუმცა 24-ე წუთზე ამას 10 წუთით გიორგი ჯამბურიძე შეეწირა. 38-ე წუთზე სტეფანწმინდელების მოლი გელა მახარაშვილის ლელოთი დასრულდა. ამ ეპიზოდში სინბინით ქუთაისელთა მეორეხაზელი გურამ გოგიძე დაისაჯა და ტალახაძემ გარდასახვით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა – 14:0 სტუმართა სასარგებლოდ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ქუთაისელთა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და 45-ე წუთზე მათი მოლი პეტრე ჯინჭარაძის ლელოთი დასრულდა. ბონდო აბაშიძის გარდასახვა არაზუსტი იყო. ანგარიში 64-ე წუთამდე აღარ შეცვლილა. ამ პერიოდში ორივე გუნდს გაუფუჭდა თითო ჯარიმა, ‘ყაზბეგი’ კი რევაზ ბროძელის სინბინის გამო 55-ედან 65-ე წუთამდე კაცნაკლული დარჩა. მერე ქუთაისელებმა მოლი დააყენეს და იონა ფირცხალავამ ლელო, ხოლო ნიკა ღლონტმა გარდასახვა გაიტანა და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა.

70-ე წუთზე მასპინძლებმა გამარჯვების ლელო გაიტანეს. ლაშა ლომიძის პასის შემდეგ, თემურ კოხოძემ მარცხენა ფრთაზე დაახლოებით 35 მეტრი ირბინა, გზად კონტაქტით სამი მბოჭავი ჩამოიცილა და ლამაზი ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და ‘აიამ’ დაძაბულ ბრძოლაში 17:14 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქუთაისელთა ფრთა თემურ კოხოძე გახდა.