დიდი 10 | აია 16:21 ლელო-სარასენსი

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ ქუთაისში, „აია არენაზე“ გამართულ მატჩში, 10-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და საბოლოოდ ‘აია’ 21:16 დაამარცხა.

აკაკი ტაბუცაძემ მეტოქეს ორი ლელო გაუტანა, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა 3 ჯარიმით და ერთი გარდასახვით გუნდს 11 ქულა შესძინა.

ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე გახსნეს, სტუმრები ფეხით გადაკიდებულ ბურთზე თამაშისას შეცდნენ, ის გიორგი აბრამიძემ აიტაცა და ლელო გაიტანა, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა. მერაბ კვირიკაშვილმა ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირა, თუმცა ბაბუნაშვილმა ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა და ‘აია’ 13:3 დაწინაურდა.

კვირიკაშვილმა პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში ჯარიმები გაიტანა და სხვაობა 4 ქულამდე დავიდა. 57-ე წუთზე ლაშა გოგიაშვილი სინბინით დაისაჯა და თბილისელებმა რიცხობრივ უპირატესობაში დაწინაურება მოახერხეს. მათ მეტოქის 22-ში რამდენიმე წუთი გაატარეს, 63-ეზე აკაკი ტაბუცაძე ცრუმოძრაობებით სამ მცველს შორის გაძვრა და მისი ლელო კვირიკაშვილმა გარდასახა.

71-ე წუთზე ტაბუცაძემ სანდრო მამამთავრიშვილის პასი შეირგო, სიჩქარეს მოუმატა და მარცხენა ალამთან დუბლი შეასრულა. დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში ეს მისი მე-7 ლელო იყო და საუკეთესო მელელოვეთა დავაში ერთპიროვნულად დაწინაურდა.

გარდასახვა არაზუსტი იყო და ბაბუნაშვილმა საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე ჯარიმით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა. დასკვნითი წუთები ‘აიამ’ შეტევაში, წითელ ზოლში გაატარა და მიზანთან რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მხსნელი ლელოს გატანა ვერ მოახერხა – 16:21.

ამ მოგების შემდეგ ‘ლელო-სარასენსს’ 30 ქულა გაუხდა და მეოთხე ადგილზეა, ხოლო ‘აია’ 26 ქულით მეხუთეა.