დავით თაქთაქიშვილი იუბილარია!

ქართული რაგბის გამოჩენილ მოღვაწე დავით თაქთაქიშვილს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული დავით თაქთაქიშვილს ქართული რაგბის წინსვლისა და განვითარების საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

მრავალმხრივი სპორტული ნიჭით დაჯილდოვებული დავით თაქთაქიშვილი სპორტულ არენაზე სიყრმის პერიოდიდანვე გამოირჩა. მან ჯერ მძლეოსანთა სექტორში მიაღწია წარმატებას, რასაც ტყვიით სროლაშიც ასევე წარმატებული გამოსვლა დაურთო და სპორტის ორივე ხსენებულ სახეობაში პირველი თანრიგის მფლობელი გახდა.

დავით თაქთაქიშვილმა მორაგბის კვართი 20 წლის ასაკში მოირგო და როგორც რესპუბლიკურ, ასევე საბჭოეთის სარბიელზე კარიერის მანძილზე არაერთ წარმატებას მიაღწია. ამიერკავკასიის ჩემპიონთა თასის მფლობელი, სპორტსაზოგადოება ‘სპარტაკის’ საკავშირო ტურნირებზე ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. თაქთაქიშვილმა ბრინჯაოს მედალი სპორტსაზოგადოება ‘ქარიშხალას’  საკავშირო ტურნირზეც მოიპოვა. მორაგბის კარიერის მიწურულს კი სსრკ-ს ვეტერან მორაგბეთა ჩემპიონის ტიტული 2-ჯერ მოიგო. საშინაო ასპარეზზე კი საქართველოს მრავალგზის პრიზიორმა თაქთაქიშვილმა თსუ-ს 50 წლისთავის სახელობის პრესტიჟული თასიც შემართა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია იმხანად ქართული რაგბის ხელმძღვანელ ორგანო – რაგბის ფედერაციაში დავით თაქთაქიშვილის უნარიანი და ნაყოფიერი მოღვაწეობა. თაქთაქიშვილი 1973-85 წლებში საქართველოს რაგბის ფედერაციის პასუხისმგებელი მდივანის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნულ პერიოდში თანამოაზრეებთან ერთად რაგბის საკეთილდღეოდ მრავალი ქარტეხილის გადალახვა მოუხდა, არაერთ უმნიშვნელოვანეს ინოვაციას ჩაუყარა საფუძველი და  რაგბის წინსვლა-განვითარების საქმეში უდიდესი როლი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ დავით თაქთაქიშვილს ქართული რაგბის განვითარების საქმეში დიდ დახმარებას მეუღლე ლალი გვასალია უწევდა. ფილოსოფიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლალი გვასალია წლების მანძილზე რაგბის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი გახლდათ და თსუ-ს რაგბის 50-წლის იუბილისადმი მიძღვნილმა მისმა ნაშრომმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

პროფესიით ფილოსოფოსი, სტუ-ს პროფესორი, ღირსების ორდენის კავალერი, რაგბის თემაზე არაერთი წიგნის ავტორი დავით თაქთაქიშვილი წლებია, რაც საქართველოს ვეტერან მორაგბეთა კავშირს აქტიურად უდგას მხარში და სამეცნიერო მოღვაწეობას ჩვეული შემართებით განაგრძობს.

საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად სარაგბო თემი ულოცავს ბატონ დავით თაქთაქიშვილს 80 წლის იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ქართული რაგბის მრავალი წარმატებით გახარებას.