დავით დანგაძის მოგონება – მას 60 წელი შეუსრულდებოდა

გამოჩენილ მორაგბესა და ღირსეულ მამულიშვილ დავით დანგაძეს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდებოდა. დავით დანგაძეს ქართული რაგბის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის და იმ პლეადის მორაგბეთა ნუსხას განეკუთვნება, რომლებმაც საფუძველი გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში ქუთაისის ‘აიას’ „ოქროს“ ხანის ეპოქას ჩაუყარეს.

ქუთაისის მკვიდრმა დავით დანგაძემ რაგბში პირველი სერიოზული ნაბიჯი სტუდენტობის პერიოდში გადადგა. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარჩინებული სტუდენტის ათლეტური აღნაგობა და სპორტსმენის მონაცემები ‘აიას’ ახალგაზრდული გუნდის თავკაც რამაზ სვანიძის მახვილ თვალს არ გამოპარვია. ჭაბუკმა დანგაძემ მაღალ აკადემიურ მოსწრებას ოვალი კარგად შეუთავსა, მოკლე პერიოდში რიონისპირელთა ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა, რომლის შემადგენლობაში საბჭოეთის ჩემპიონის ტიტული 2-გზის მოიგო და თან კარგი და სტაბილური თამაშით სსრკ-ს მთავარი გუნდის მესვეურთა ყურადღებაც მიიპყრო, თუმცა ტრავმის გამო სანაკრებო შეკრებაზე გამგზავრება ვერ მოახერხა. საბჭოური რაგბის მესვეურები დავით დანგაძეს იმ ხანად ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მესამე ხაზელად მიიჩნევდნენ.

ჯანიანი და  მკვირცხლი დავით დანგაძე 1979-86 წლების პერიოდში ‘აიას’ დიდი გუნდის ერთ-ერთ გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. დანგაძეს ერთნაირი წარმატებით ხელეწიფებოდა მარბიელისა და მღლეტელის პოზიციებზე თამაში. აღნიშნულ პერიოდში რიონისპირელთა მესამე ხაზელმა შაკო ქურციკიძისა და ოლეგ ლიპარტელიანის ხელნმძღვანელობით საბჭოეთის პირველობებზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და სსრკ-ს სპორტის ოსტატის პრესტიჟული წოდებაც დაიმსახურა.

მუხლის მძიმე და ქრონიკულმა ტრავმამ დავით დანგაძეს მორაგბის კარიერა მეტად ახალგაზრდულ, 24 წლის ასაკში დაასრულებინა. აღსანიშნავია, რომ დავით დანგაძის ორივე ვაჟმა (დემური და დაჩი) გამოჩენილი მამის კვალზე, მორაგბის კარიერა ღირსეულად განაგრძო.

დავით დანგაძის გულისძგერა უკურნებელმა სენმა 5 წლის წინ შეწყვიტა…