გოჩა სვანიძე: „საქართველო XV არის გზა ეროვნული ნაკრებისკენ“

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქ-ჩართვისას გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი მათგანი საქართველო XV-ის მნიშვნელობას ეხებოდა:

„საქართველოში მეორე ნაკრების შექმნის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 2004 წლიდან ვსაუბრობდი და როდესაც პრეზიდენტი გავხდი, მისი შექმნის შესაძლებლობა მომეცა. ჯერჯერობით ეს გუნდი დიდი შედეგებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ის შედგა და აჩვენა, რომ სიცოცხლისუნარიანია. საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ბიჭებს მიეცათ შანსი, რომ ეჩვენებინათ საკუთარი შესაძლებლობები და ხვალ ექნებათ შანსი, რომ დამკვიდრდნენ ეროვნულ გუნდში“.

„მათ უმრავლესობას ახალგაზრდულ ნაკრებებში აქვთ ნათამაშები და კარგად იციან რას ნიშნავს საერთაშორისო თამაშების გამოცდილება. რამდენიც არ უნდა ივარჯიშო და ითამაშო საქართველოს ჩემპიონატში, თუ არ გეყოლება შენზე ძლიერი ოპონენტი ვერ გაიზრდები. წელს გუნდმა ორი თამაში ჩაატარა ‘ხაგუარესთან’ და სხვაობა თვალსაჩინო იყო. მეორე თამაშში, პირველ მატჩთან შედარებით,  საქართველო XV უფრო მეტად აკონტროლებდა ბურთს და თუ ერთმა თამაშმა შეცვალა სტატისტიკა, წარმოიდგინეთ რა შეიძლება მოხდეს, თუ მსგავსი შეხვედრები გახშირდება“.

„შემდეგ ეს ბიჭები ბრუნდებიან კლუბებში, მათი თანაგუნდელებიც იღებენ სტიმულს, რომ მეტი ივარჯიშონ და უკეთესები გახდნენ. ეს გაზრდის ჩემპიონატის დონესაც და აამაღლებს მოთამაშეთა სტიმულსაც. გარდა ამისა, საქართველო XV არის ეროვნულისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზა“.