გოჩა სვანიძე: „არ შეიძლება სკამის გულისთვის განვითარება დაბლოკო“

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ჩართვისას საკადრო პოლიტიკაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რამდენიმე ადამიანმა, ვისაც თავისი გუნდის წევრად მიიჩნევდა, მოლოდინი ვერ გაამართლა:

„სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას, რადგან საკადრო პოლიტიკა იყო ცუდი. ადამიანებმა, ვისაც დავეყრდები და ვისაც ჩემს თანაგუნდელად მოვიაზრებდი, ვიზეც ვფიქრობდი, რომ მათი წრიდან შეიძლებოდა წამოსულიყო მომავალი პრეზიდენტი, გამგეობის წევრები და უნდა ეზრუნათ ქართული რაგბის მომავალზე. სამწუხაროდ, ჩემი გათვლა იყო არასწორი, ან მათ დაუშვეს შეცდომა, რომლის გამოსწორებაც შესაძლოა მოხდეს ხვალ“.

„არ შეიძლება სკამის და თანამდებობის გულისთვის დაბლოკო რაგბის განვითარება – ხელი შეუშალო კავშირს სპონსორებთან თუ შიდა ურთიერთობებში. ვინც არ უნდა გახდეს ხვალ პრეზიდენტი, მან უნდა ჩაიბაროს წარმატებული ორგანიზაცია და ეს მის ინტერესშიც უნდა იყოს. არ შეიძლება საარჩევნო კამპანიის ნგრევაზე აგება და თანაც ისე, რომ ამ „ნგრევას“ ხელი შეუწყო“.

რაგბის კავშირის პრეზიდენტს მოგვიანებით ნეპოტიზმზეც კითხეს – ყავს თუ არა დასაქმებული მეგობრები და ნათესავები, რაზეც სვანიძემ უპასუხა:

„არ ვიცი ვინ გყავთ მხედველობაში. რაგბის კავშირში დასაქმებული ყველა ადამიანი ჩემი მეგობარია, რადგან ზოგო ჩემი თაობის და ზოგიც მომდევნო თაობის მორაგბეა. თუ ნეპოტიზმად ის ითვლება, რომ მორაგბეებს ვუწევდი პროტექციას, ვიდრე შესაძლოა სხვა უფრო მაღალი დონის სპეციალისტებს, ჩავთვალოთ ეს ნეპოტიზმად. ნათესავები საერთოდ არ მყავს დასაქმებული“.

„პირდაპირ ვამბობ, რომ საკადრო პოლიტიკა გადასახედია. როგორც ჩანს, მარტოოდენ მორაგბეობა მეურნეობის კარგად გაძღოლისთვის საკმარისი არ არის. მსოფლიო რაგბსა და რაგბი ევროპაში, გარდა სპეციალიზირებული ორგანოებისა, დასაქმებული არიან სპეციალისტები, რომელთაც რაგბთან შეხება არ ქონიათ, თუმცა ამით მათ საქმიანობას ჩრდილი არ ადგება“.