გოჩა აბაშიძის მოგონება – მას 80 წელი შეუსრულდებოდა

ქართული რაგბის ღვაწლმოსილ მსაჯს, მორაგბეს და მოღვაწეს – გოჩა აბაშიძეს, დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა…

ის 1941 წლის 10 თებერვალს თბილისში დაიბადა და ბავშვობიდანვე მისდევდა სპორტის სხვადასხვა სახეობებს, რაგბის თამაში კი, 1964 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაიწყო და მალევე მოხვდა ქვეყნის უპირველეს გუნდ ‘დინამოში’. უკანა ხაზში სხვადასხვა პოზიციებზე რაგბობდა, აღიარებას კი 9 ნომრად მიაღწია.

გოჩამ ‘დინამოს’ შემადგენლობაში მეორე ადგილი დაიკავა საბჭოეთის „საცდელ“ პირველობაზე (1966), სამ-სამჯერ გახდა საქართველოსა (1967, 1970, 1973) და „დინამოს ცენტრალური საბჭოს“ ჩემპიონი (1968, 1969, 1972).

პარალელურად წვრთნიდა სათადარიგო შემადგენლობას და მოზარდებს. მას მორაგბეთა არაერთი თაობა ყავს აღზრდილი და მათ შორისა არაერთი ბორჯღალოსანია.

აბაშიძემ 1973 წლიდან მსაჯობას მიჰყო ხელი და მატჩებს საუკუნის ბოლომდე უძღვებოდა. ის საბჭოთა კავშირში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და 1989 წელს ბორჯღალოსნების „ნათლობის ტესტი“ იმსაჯა; 40 წლის განავლობაში რეფერთა თაობებს ზრდიდა, დამოუკიდებლობის ხანაში კი ხელმძღვანელობდა საშეჯიბრო და სამსაჯო კომიტეტებს, იყო მენეჯერი არმიის კლუბში და მონაწილეობდა რაგბის კლუბ ‘ჯიქის’ დაფუძნებაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, მას უდიდესი როლი მიუძღვის ქართული რაგბის უწყვეტობაში. ის იყო რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და გაჭირვების ჟამს – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, თუმცა ბევრისათვის მისი სიტყვა მაშინაც პრეზიდენტისას უდრიდა, როდესაც ასეთი პასუხისმგებლობა ზურგზე არ აწვა.

უკვე ოთხი წელია ქართულ რაგბს გოჩა აბაშიძე აღარ ყავს…