გივი ღოღობერიძის სამძიმარი

ქართული რაგბის თემმა დიდი დანაკლისი განიცადა. 83 წლის ასაკში გამოჩენილი ქართველო მორაგბე გივი ღოღობერიძე გარდაიცვალა.

უნიკალური სპორტული თვისებებით დაჯილდოვებული გივი ღოღობერიძე სპორტის არაერთი სახეობის მწვრთნელთა სამიზნედ სიყრმის პერიოდიდანვე იქცა. ათლეტური აღნაგობის, ბრგე, მკვირცხლი და ფეხმარდი ღოღობერიძე თავიდან მძლეოსნობამ მოხიბლა და სიმაღლეზე ხტომის დისციპლინაში მრავალ წარმატებასაც მიაღწია. საქართველოს მრავალგზის რეკორდსმენი გივი ღოღობერიძე ტოლს თვით რობერტ შავლაყაძესაც კი არ უდებდა და ოლიმპიურ ჩემპიონს მხტომელთა სექტორში სერიოზულ კონკურენციას უწევდა.

გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისიდან კი ღოღობერიძემ მორაგბის კვართი მოირგო, რაც მისი მეგობრების, პირველი თაობის გამოჩენილი ქართველი მორაგბეების დამსახურება გახლდათ. გივი ღოღობერიძის მაღალი კლასის მორაგბედ ჩამოყალიბების საქმეში ლომის წილი ლეგენდარულ მწვრთნელ ნოდარ ყიფიანს მიუძღვის.

ნიჭიერ ჭაბუკს დედაქალაქურ ‘ლოკომოტივში’ სწორედ ყიფიანმა უხმო, სადაც ღოღობერიძეს საკუთარი სათამაშო ხელწერის შექმნა და ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება არ გაჭირვებია. მეორეხაზელ, მხტომელის პოზიციაზე მოთამაშე გივი ღოღობერიძეს დერეფანში ბადალი არ ჰყავდა. ღოღობერიძე საკუთარ აუტებს ცალი ხელით იგებდა და ხშირად მეტოქის მოწოდებასაც ეუფლებოდა.

გივი ღოღობერიძემ ‘ლოკომოტივის’ შემადგენლობაში საბჭოეთის პირველობებზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და სსრკ-ს სპორტის ოსტატის საპატიო წოდებაც ირგუნა. ‘ლოკომოტივში“ თამაშის პერიოდში გივი ღოღობერიძემ მომავალი თაობის დაოსტატების საქმეში დიდი როლი ითამაშა, რასაც იმხანად ქართული რაგბის აღიარებული დიდოსტატებიც ცალსახად აღნიშნავდნენ.

რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვავს გივი ღოღობერიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს ღოღობერიძეების ოჯახს და სამძიმარს უცხადებს.