გივი მრელაშვილი 84 წლისაა

“არა, არავინ მიწყინოს, მაგრამ სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით რაგბის სულ სხვანაირი ეშხი და ლაზათი აქვს. რაგბი თუნდაც ერთხელ რომ ითამაშო, თავს ვეღარ დაანებებ. შემდეგ კი, იქნებ მოედანზე ვეღარც გახვიდე, ვეღარ ითამაშო, მაგრამ მისი ქომაგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩები” – ეს სიტყვები ქართული რაგბის მესაძირკვლეს გივი მრელაშვილს ეკუთვნის.

1961 წლის 1 დეკემბერს თბილისში სწორედ გივი მრელაშვილის თაოსნობით შეიქმნა საქართველოს რაგბის კავშირის წინამორბედი  – რეგბის (როგორც მაშინ ერქვა) საქალაქო სექცია. მისი უშუალო მეცადინეობით დაარსდა რამდენიმე სარაგბო გუნდი, რომლებმაც იმ შორეულ წლებში პირველად ორგანიზებულ ტურნირში ითამაშეს კიდეც.

გივი მრელაშვილი გამორჩეული, ადამიანური თვისებებით უხვად დაჯილდოებული პიროვნებაა. ის გახლდათ ბრწყინვალე ორგანიზატორი, კრეატიული, შრომის მოყვარე, საქმისადმი ერთგული, უაღრესად განათლებული და პატრიოტი ადამიანი. ბატონ გივი არა მარტო რაგბის, არამედ სამშობლოს, ოჯახის და ერთმანეთის სიყვარულს ასწავლიდა მორაგბეებს. სწორედ ამ სულისკვეთებით აღზარდა მან მორაგბეების არაერთი თაობა.

შთამბედავია მისი ტიტულებიც. გივი მრელაშვილი გახლდათ საკავშირო კატეგორიის მსაჯი, რესპუბლიკის დამსახურებული მწვრთნელი, მორაგბეებში ღირსების ორდენის პირველი კავალერი, საბჭოთა კავშირის პირველობის მეორეადგილოსანი.

სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა, რაგბი და სიყვარული.

გივი მრელაშვილი დღეს 84 წლის გახდა. მრავალჟამიერ ბატონო გივი.

პატივისცემით

იოსებ ტყემალაძე