გენადი ღადუა იუბილარია

დღეს, 26 აპრილს, პირველი თაობის ვეტერან მორაგბეს, ღირსების ორდენოსან გენადი ღადუას 80 წელი შეუსრულდა.

ბატონმა გენადიმ რაგბში პირველი ნაბიჯები 1963 წელს, თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდში გადადგა, ერთი წლის შემდეგ კი, თანაგუნდელებთან ერთად ‘დინამოში’ გადავიდა.

იმ პერიოდში რაგბი „ახალი ხილი“ იყო და ვარჯიშები საუკეთესო შემთხვევაში მუშტაიდის ბაღში, ხშირად კი პირდაპირ ასფალტზე ტარდებოდა. გენადი ღადუასთვის და მისი თანატოლების დიდი ნაწილისთვის, რაგბზე მისვლის მოტივატორად ფრანგული ფილმი „სპორტული ცხოვრება“ გახდა.

იუბილარმა რაგბში სულ 5 წელი გაატარა, თუმცა დროის ამ მცირე მონაკვეთში საკმაოდ მოიპოვა ტიტულები. 1966 წელს მან ‘დინამოსთან’ ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიპოვა; სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ასევე სამჯერ ‘დინამოს’ ცეესის ჩემპიონი. ‘ბურევესტნიკთან’ ერთად დაიკავა მეორე ადგილი საბჭოთა კავშირის სტუდენტურ ჩემპიონატში, ხოლო ‘ლოკომოტივის’ რიგებში მეორე ადგილი დაიკავა პროფკავშირების პირველობაზე.

„მაშინ რაგბი პრიმიტიული თამაში იყო, არ იყო დახვეწილი წესები. ახლა რაგბი ბევრად უფრო ტექნიკური გახდა და სასიამოვნო საყურებელია“ – პარალელს აკეთებს გენადი ღადუა, რომელმაც თამაში კვაჭის პოზიციაზე დაიწყო და მერე მესამე ხაზში გადაიყვანეს.

იუბილარს ყავს მეუღლე მარინა კეჭაყმაძე, რომელიც პროფესიით პედაგოგია და შვილი დავითი. მისი 13 წლის შვილიშვილი დემეტრე, „წმინდა გიორგის საერო სკოლაში“ სწავლობს, სადაც რაგბი სავალდებულო საგანია და ისიც ადრეული ასაკიდან ეუფლება ბაბუის საყვარელ სპორტს.

საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული სარაგბო თემი, ულოცავს ბატონ გენადის 80 წლის იუბილეს და უსურვებს ჯანმრთელობას!