გამგეობამ და სპორტულმა კომიტეტმა ბორჯღალოსნების ანგარიში მოისმინა

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრები პარასკევს ბორჯღალოსნების მწვრთნელებს შეხვდნენ და გასული ერთი წლის ანგარიში მოისმინეს.

რადგან გამგეობის სხდომა სრულად დაეთმო მაღალ სპორტულ მიღწევებს, მას რაგბის კავშირის ხელმძღვანელობისა და გამგეობის წევრების გარდა მაღალი მიღწევების კომიტეტის ხელმძღვანელი რიჩი დიქსონი, ამავე კომიტეტის წევრი და მსოფლიო რაგბის კონსულტანტი ევროპაში ბაჩო ხურციძე, ასევე რაგბის კავშირის განვითარების დირექტორი რამა ჩანდი ესწრებოდნენ.

გამგეობის წინაშე გასული წლის და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ანგარიშით წარსდგნენ ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და შერკინების მწვრთნელი ილია მაისურაძე, ასევე უმცროსი ბორჯღალოსნების (20-წლამდე) მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია, რომელთაც გამგეობის წევრები ოვაციებით შეხვდნენ და ისტორიული გამარჯვებები მიულოცეს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ბორჯღალოსნების თამაშის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. სამწვრთნელო შტაბს რამდენიმე მაღალი დონის, კონკრეტული მიმართულების სპეციალისტი შეემატა. შედეგმაც არ დააყოვნა და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საქართველომ 10 ივლისს ტიერ1-ის გუნდი იტალია ბათუმში 28:19 დაამარცხა, 19 ნოემბერს კი, კარდიფში, „ფრინციფალითიზე“ ექვსი ერის კიდევ ერთ გუნდ უელსს 13:12 სძლია.

2023 წლის თებერვალ-მარტში, საქართველომ მე-15-ედ, რეკორდებით მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი და რაც მთავარია, გუნდმა სანახაობრივი და ხარისხიანი რაგბი აჩვენა.

წარმატებული წელი ჰქონდა უმცროს ბორჯღალოსნებსაც, რომელმაც 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიებში ღირსეული თამაში აჩვენა და შოტლანდია სარეკორდო სხვაობით – 55:17 დაამარცხა, რის შემდეგაც ტურნირი მე-6 ადგილზე დაასრულა და შოტლანდიასთან ერთად, ირლანდიაც ჩამოიტოვა.

წელს უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს უბრუნდებიან, რომელიც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ აღდგა და სამხრეთ აფრიკაში 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველო გ ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, არგენტინასთან და იტალიასთან ითამაშებს , რის შემდეგაც ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით ორი მატჩი ფლეი ოფში ექნება.

სქტემბრიდან მეექვსე მსოფლიო თასზე ითამაშებენ ბორჯღალოსნები, რომლებიც ასევე გ ჯგუფში ავსტრალიას, უელსს, ფიჯისა და პორტუგალიას შეხვდებიან. 2022 წლის განსაკუთრებული წარმატებებისა და 2023 წლის ფანტასტიური შედეგების გათვალისწინებით, როგორც გულშემატკივრებს, ასევე გამგეობის წევრებს, რაგბის კავშირს და თავად ბორჯღალოსნებს, საფრანგეთში გასამართი ჩემპიონატის მიმართ დიდი მოლოდინი აქვთ.

მსოფლიო თასამდე გუნდს მოსამზადებლად 4 თვე დარჩა და საფრანგეთში გამგზავრებამდე, აგვისტოში, ჯერ საქართველოში ექნება გასახურებელი მატჩები მსოფლიო თასის კიდევ ერთ მონაწილე რუმინეთთან და აშშ-სთან, მერე კი შოტლანდიას ეწვევა ედინბურგში.

ბორჯღალოსნებისთვის გულშემატკივრის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც საშინაო, ასევე გასვლით მატჩებში, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე და მნიშვნელოვანია, რომ მათ ქომაგობა არც საფრანგეთის სტადიონებზე მოაკლდეთ, რაც სამომავლოდ კიდევ არაერთი ისტორიული შედეგის მომტანი გახდება.

თავის მხრივ, გამგეობის სხდომაზე მაღალი მიღწევების კომიტეტმა სპორტული მიმართულების პრეზენტაციები და პროექტები წარმოადგინა. მაღალი მიღწევების კომიტეტი, რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის ინიციატივით 2022 წლის მიწურულს ჩამოყალიბდა და მასში დიქსონისა და ხურციძის გარდა, მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების მიმართულების ხელმძღვანელი პიტერ ჰორნი, მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების განვითარების ოფიცერი კელვინ მორისი, რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ლევან ღვაბერიძე, ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და მამუკა გორგოძე შედიან. კომიტეტის მიზანია როგორც მაღალი მიღწევების შედეგების გაუმჯობესება, ასევე დიდი 10-ის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ გამგეობის წევრებს აცნობა, რომ კომპანია „ანაგი“-სგან მისაღებ ფართებთან დაკავშირებით, რაგბის კავშირიდან საჯარო რეესტრში გაიგზავნა წერილი, რათა საკითხის სრულ გარკვევამდე პროცესი იქნას შეჩერებული. აღნიშნული საკითხის უფრო სიღრმისეული განხილვა მოხდება შემდეგ გამგეობის სხდომაზე.